არჩილ თალაკვაძე - საკრებულოს წევრის მხრიდან სექსუალურ ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება
არჩილ თალაკვაძე - საკრებულოს წევრის მხრიდან სექსუალურ ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება

თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თბილისის საკრებულოს თანამშრომლის მიერ შესაძლო ძალადობის ფაქტზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს სჭირდება პრინციპული რეაგირება და აქ ვერც პარტიული სტატუსი და ვერც სამსახური გავლენას ვერ მოახდენს.

„თუ ასეთი დანაშაული არის მომხდარი, სახელმწიფოს მხრიდან კანონი იქნება სრულად აღსრულებული. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ასეთი ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში იქნება სამაგალითო რეაგირება, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ სახელისუფლებო გუნდი ყველაზე მკაცრად და ობიექტურად თავის მხარეს არსებულ კითხვებს აფასებს. ეს შემთხვევა გუშინ გახდა ცნობილი, ჯერ სტატუსზე და რაიმე ტიპის მოქმედებების არჩატარებაზე არ მიმაჩნია სამართლიანად, ამას სჭირდება გონივრული დრო, რამდენიმე დღე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველა მოქმედებები ჩატარდეს და გაირკვეს, რა მოხდა რეალობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.