არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ, ეს საერთო ვალდებულებაა, პარტიული ვალდებულება არ არის
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ, ეს საერთო ვალდებულებაა, პარტიული ვალდებულება არ არის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით, ეს არა პარტიული, არამედ საერთო ვალდებულებაა.

„ეს საერთო ვალდებულებაა, პარტიული ვალდებულება არ არის. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი ნება, გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი და ცვლილებები დავაინიცირეთ. საკითხი ევროპულ სტანდარტთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია. ვინაიდან პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყო და ამაზე დისკუსია არსებობდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანად მოიქცა და ეს ცვლილება შემოიტანა პარლამენტში. ამიტომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ, ვინაიდან მათი გამოხატული სურვილიც იყო, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში შესულიყო“, –  განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა პოლიტიკური ნება და ბარიერი დაწია ბუნებრივ ზღვრამდე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კი საპასუხოდ ბოიკოტი მიიღეს.

„ამ საკითხზე არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. თავის დროზე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გამოხატა პოლიტიკური ნება და ბარიერი დაწია ბუნებრივ ზღვრამდე, რის შედეგადაც პარლამენტში მივიღეთ დღეს არსებული ბალანსი. ამაზე პასუხი იყო ბოიკოტი და მეტი პოლარიზაცია, პასუხი იყო უარის თქმა მნიშვნელოვან შეთანხმებებზე, რომლებსაც ჩვენ მოლაპარაკებებში მივაღწიეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ცვლილება თავის დროზე განიხილებოდა, რათა მომხდარიყო დეპოლარიზაცია, გადავსულიყავით უფრო საქმიან და კონსტრუქციულ საპარლამენტო პოლიტიკაზე, რაც სამწუხაროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ არ გააკეთა. ჯერჯერობით მათ საპირისპიროში დაგვარწმუნეს.

არათუ ამ ცვლილებების საჭიროებაში, არამედ ზუსტად საპირისპიროში დაგვარწმუნეს. ჩვენ მომავალში თუ დავინახავთ, რომ არსებობს რეალური მზადყოფნა, რეალური პასუხისმგებლობა, რომ ასეთი ცვლილება მომავალში ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას და უფრო საქმეზე ორიენტირებულ შედეგიან პოლიტიკას პარლამენტში, რა თქმა უნდა, განხილვები განახლდება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.