არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა, ხალხს დაუბრუნდა
არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა, ხალხს დაუბრუნდა

საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა, ხალხს დაუბრუნდა – ამის შესახებ ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დამატებითი ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკური კომპრომისია. ცვლილებები, რომელიც ე.წ “სამ ბე” პაკეტს ეხება, არის ბარიერი, ბლოკი და ბონუსი. ჩვენ ერთჯერადად ბლოკები დავტოვეთ, რაც არ გვჯერა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას მოემსახურება. ის რომ ჩვენ შემდეგი არჩევნებისთვის ერთჯერადად ბარიერი 3%-მდე დავწიეთ ესეც ევროპული პრაქტიკაა.

როდესაც ჩვენ გავაუქმეთ და უარი ვთქვით ბონუსზე ეს მხოლოდდამხოლდ პოლიტიკური კომპრომისია. საპარლამენტო უმრავლესობამ ყველა პრინციპულ საკითხზე კომპრომისი გააკეთა. ერთადერთი სადავო საკითხი, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დარჩა, არის ვადები, პროპორციული საარჩევნო სისტემა როდის ჩაირთვება.

ახალმა კონსტიტუციამ სამი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა შეიძინა. პირველი, ეს საზოგადოების მხარდაჭერაა. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მამოძრავებელი ოთხი ძირითადი პრინციპი იყო. ეს ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ზეპარტიული პრეზიდენტია.

საკონსტიტუციო ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას თავისთვის უნდოდა, ხალხს დაუბრუნდა და დღეს ის თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება უფრო მეტად გამოადგეს.

მთელი საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი პოლიტიზებული იყო. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას, ეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი უპრეცედენტოდ მონაწილეობითი იყო და წარმატებით ჩატარდა.”- განაცხადა თალაკვაძემ.