არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას ნიშნავს
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას ნიშნავს

სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება ნიშნავს სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას, – ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენელთა მიზანი სწორედ სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირება იყო.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება და რას ნიშნავს ის აქტივობები, რომელიც სამწუხაროდ, გასცდა მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს. ეს ნიშნავს სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირებას, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ წესრიგს, ბიუჯეტს, პენსიების გადარიცხვას ჩვენი მოქალაქეებისათვის, სოციალური დახმარებების გაცემას, მიმდინარე თუ მომავალში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება იმ მთავარ ფუნქციებს, რასაც ახორციელებს ჩვენი სახელმწიფო და რაც ყოველდღიურად სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისათვის. ამიტომაც სცდება ეს აქტივობები, მიზანი და ამოცანა, რაც დაისახეს ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლებმა, ბლოკირება მოეხდინათ სახელმწიფო ფუნქციების მიმართ, მშვიდობიანი მანიფესტაციების ფარგლებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, პარლამენტი პოლიტიკური დებატების მთავარი ადგილი უნდა იყოს.

„მინდა, აქვე გულისტკივილი გამოვხატო, თუ როგორ ექცევა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით, უნდა იყოს პოლიტიკური დებატების მთავარი ადგილი, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიისა და ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის ადგილი. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ასეთი პარლამენტი, მაგრამ მეორე მხრივ, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ იყო ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილმა, პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი