არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება
არჩილ თალაკვაძე - სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება

პარლამენტს აქვს კომუნიკაცია მთავრობასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროცესებმა იქონია რეალურად გავლენა ლარის კურსზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ლარის კურსზე გავლენა იქონია ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და იმ ხალხის გავლენამაც, რომლებიც პირდაპირ არიან მომართული, რომ თავისი ქვეყნის ეკონომიკას მიაყენონ ზიანი.

„აქ არის სხვადასხვა შემადგენლობები და ჩვენ ბუნებრივია, მთავრობასთან გვაქვს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ უნდა დაიგეგმოს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება და ეს არის მომენტი, როდესაც ჩარევა სასურველია. ბუნებრივია, ეს დასაბუთებული, დაგეგმილი ინტერვენციები მოხდება და სახელმწიფო გამოიყენებს თავის ინსტრუმენტებს, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტორები, რამაც ლარზე იმოქმედა დარჩეს ჩვენი და საზოგადოების შეფასებების გარეშე. როგორც გითხარით, აქ არის ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, ის პოლიტიკური პროცესები და  მავნებლობაც, რაც ბოლო 2-3-კვირის განმავლობაში ვნახეთ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ. ვგულისხმობ ყველა პოლიტიკურ პროცესებს, სადაც აშკარა იყო, რომ ჩვენი ეკონომიკის, საზოგადოების და ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებდნენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები. ამან მოიტანა კონკრეტული უარყოფითი შედეგები, ამ შედეგებს სჭირდება პოლიტიკური შეფასება და ნურავის ექნება იმედი, რომ ეს საკითხები შეფასებების გარეშე დარჩება. სახელმწიფო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, რათა მოხდეს ლარის კურსის დასტაბილურება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.