არჩილ თალაკვაძე - საგარეო მიმართულებით პრეზიდენტის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება სწორი იყო
არჩილ თალაკვაძე - საგარეო მიმართულებით პრეზიდენტის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება სწორი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საგარეო ვიზიტების კუთხით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება და სამართლებრივი პასუხი სწორი იყო.

თალაკვაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა და საგარეო მიმართულებით აქტივობებისთვის პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა სჭირდება.

„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რა წერია კონსტიტუციასა და კანონში. წერია, რომ საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში არის ჩართული იმ მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას აქვს. თუ პრეზიდენტს დამატებით სურს, საგარეო მიმართულებით იმუშაოს და იაქტიუროს, ამისთვის საჭიროა შეთანხმება მთავრობასთან და ამას ამბობს კონსტიტუცია. მთავრობამ არ მისცა მას ასეთი თანხმობა. შესაბამისად, როდესაც უკვე განხორციელდა ვიზიტები თუ საერთაშორისო აქტივობა, ეს არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაბამის პრინციპს და ამას ეფუძნება იმპიჩმენტის ინიცირება. რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე, რომ საპარლამენტო კუთხით რეაგირება და იმპიჩმენტის დაწყება იყო სწორი, რადგან, როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთი შემთხვევა. ეს რომ პრაქტიკად არ იქცეს, სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი სჭირდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს.

მათივე ცნობით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი ვილნიუსში – ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.