არჩილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმას მიესალმება
არჩილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმას მიესალმება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რეფორმას მიესალმება.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, მნიშვნელოვანია, ამ სამსახურის თანამედროვე ტექნოლიგიებით გადაიარაღება მთლიანად მოხდეს, რადგან ეს პროცესი უკვე დაწყებულია.

დეპუტატის თქმით, უკვე გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ზაფხულზე აჩვენა, როცა ხანძრის ჩაქრობა ეფექტურად მოხდა.

„ამ სფეროში მეტი ინვესტიციების ჩადება გამართლებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თანამედროვე აღჭურვა უნდა ჰქონდეს, მეხანძრე-მაშველებს სამართლიანი და კარგი სამუშაო პირობები, ხოლო კრიზისებზე რეაგირების მზადყოფნის დონე მაღალი უნდა იყოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი იცვლება. ცვლილებებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სახით ყალიბდება, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და შს სამინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2019 წლის პირველი იანვრიდან სასწავლო ცენტრი ექნება, რომელიც განახორციელებს სამსახურში მისაღები პირებისა და მოქმედი მოსამსახურეების სპეციალურ პროფესიულ მომზადება/გადამზადებას.