არჩილ თალაკვაძე - საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან „ტვ პირველი“, ხოლო „არტარეა“ პოლიტიკასთან 
არჩილ თალაკვაძე - საერთოდ გაუგებარია, რა შუაშია მამუკა ხაზარაძესთან „ტვ პირველი“, ხოლო „არტარეა“ პოლიტიკასთან 

გაუგებარია, რა შუაშია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან „ტვ პირველი“, რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში მიტანილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პროკურატურამ გამოაქვეყნა.

ამასთან,  თალაკვაძის თქმით, კითხვა აქვს „ტვ პირველის” ჟურნალისტებთან, აქვს თუ არა მათზე რამე ბერკეტი ან გავლენა მამუკა ხაზარაძეს.

„ჩვენ მოვისმინეთ ღია ბრალდება,  თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და, თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილიც. ბუნებრივია, ჩვენი პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო, ეს წერილი ყოფილიყო სათანადო წესით წარმოდგენილი. აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი, რომელსაც არ აქვს მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, ვის გაეგზავნა და ვისგან იყო გაგზავნილი. თუ შინაარსში შევალთ, გაუგებარია, საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან „ტვ პირველი”.  გვსურს, ვკითხოთ  „ტვ პირველის” ჟურნალისტებსაც, როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა ხაზარაძეს,  საინტერესოა, ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ასევე გაუგებარია, ტელეკომპანია „არტარეა“-ს საკითხიც, რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულად რაში შეიძლება, ხელს უშლიდეს ხელისუფლებას არხი, რომელიც კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს.

გენერალურმა პროკურატურამ დღეს მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.