არჩილ თალაკვაძე - საერთაშორისო შეფასებებში საქართველო დღეს ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორისაა, რომლებიც ნდობით სარგებლობენ
არჩილ თალაკვაძე - საერთაშორისო შეფასებებში საქართველო დღეს ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორისაა, რომლებიც ნდობით სარგებლობენ

„ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ დღეს სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს, ისეთი, როგორიც წარსულში არასოდეს ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულს სასამართლოს მუშაობის ინდიკატორები და ევროსასამართლოში გაგზავნილი საქმეების რაოდენობის რვაჯერ შემცირება აჩვენებს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები სამართალს ქვეყნის შიგნით არსებულ სასამართლო სისტემაში პოულობენ. წინა ხელისუფლების დროს ხუთ ათასზე მეტი საჩივარი იყო გაგზავნილი, 800-მდეა ჩვენი მმართველობის წლებში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია და ბევრად მეტი მოქალაქე პოულობს სამართალს საქართველოს სასამართლო სისტემაში.

სასამართლოს სისტემაში რეფორმების ოთხი ტალღა გავატარეთ. დღეს მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ეხმიანება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. კერძოდ, მივიღეთ სამი ცვლილება. პირველი – ეს არის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება. არის გასაჩივრების ეფექტური მექანიზმი, რაც ნიშნავს, რომ პირი, რომელიც მონაწილეობს შერჩევის პროცესში თუ არ ეთანხმება მასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ამას გაასაჩივრებს საკვალიფიკაციო პალატაში. მესამე ცვლილებაა ის, რომ კანონში პირდაპირ არის ჩაწერილი ღია კენჭისყრა, როცა მოსამართლეთა წარდგენას ეხება საქმე პარლამენტში. აქაც ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოწოდებული რეკომენდაციები და საბჭოს წევრებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც მონაწილეობენ შერჩევის პროცესში, ცნობილი იქნება გადაწყვეტილების შესახებ სრული ინფორმაცია.

დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო განაგრძობს პროგრესისა და გაუმჯობესების პროცესს. ჩვენ ერთად, საზოგადოების მხარდაჭერით მომავალში კიდევ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ სასამართლოს რეფორმებს. ეს არის მუდმივი პროცესი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო საერთაშორისო შეფასებებში ევროპის იმ სასამართლო სისტემებს შორისაა, რომლებიც ნდობით სარგებლობენ.

„ეს მიგვაჩნია ხელშესახებ პროგრესად ისევე, როგორც ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დადებითად აფასებენ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.