არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით მაიკ პომპეოს განცხადებას, გვსურს, რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა ნახოს, რომ ვატარებთ უპრეცედენტო არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით
არჩილ თალაკვაძე - მივესალმებით მაიკ პომპეოს განცხადებას, გვსურს, რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა ნახოს, რომ ვატარებთ უპრეცედენტო არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით

საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით მაიკ პომპეოს განცხადებას მივესალმებით, გვსურს, რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა ნახოს, რომ საქართველოში უპრეცედენტო არჩევნებს ვატარებთ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდის სურვიია, რომ რაც შეიძლება მეტმა საერთაშორისო პარტნიორმა დააფიქსიროს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება.

„ჩვენ მადლიერნი ვართ იმ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო, რომლესაც აშშ საქართველოს მიმართ იჩენს. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა ძლიერი და საიმედოა. მივესალმებით ბატონი პომპეოს განცხადებას საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ოპოზიციას ჰქონდა წინასწარი გაურკვეველი სიხარული, რომ არჩვენები დამკვირვებლების გარეშე ჩატარდებოდა, თუმცა ამ მომენტისთვის უკვე ცნობილია, რომ ეუთო-ს ადამიანის უფლებათა ოფისს ექნება ძალიან ფართო მისია არჩევნებზე, ასევე, ამაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპარლამენტარები. მე პირადად მივმართე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროკავშირს, რომ გამოყონ დამატებითი დამკვირვებლები. დღეს უკვე ბატონი პომპეოს და აშშ-ის განცხადებაც ვნახეთ საერთშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი ადასტურებს შემდეგს – ჩვენი პოლიტიკური ნებაა, ჩვენს მოქალაქეებსა და პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ ვატარებთ უპრეცედენტო არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ გვსურს, რომ რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა ნახოს ეს, რაც შეიძლება მეტმა ჩვენმა პარტნიორმა დააფიქსიროს დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში და ეს არის როგორც ჩვენი, ასევე ჩვენი პარტნიორების თანმხვედრი სურვილი და პოლიტიკური ნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.