არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვას ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან გეგმავს
არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვას ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების განხილვას ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან გეგმავს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, პარლამენტს საარჩევნო მიმართულებაზე მუშაობა არ შეუწყვიტავს.

„შესაძლოა, ახლა ეს ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება არ არის, მაგრამ არა ერთი დისტანციური და სამუშაო შეხვედრა გაიმართა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ჩვენს ძირითად პარტნიორებთან. განახლებული პაკეტი ოპოზიციურ ფრაქციებს უკვე დაგზავნილი აქვთ, ალბათ, ნახავდით, რადგან განახლებული პაკეტი პარასკევს მიიღეთ, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციებს ითვალისწინებს. თქვენთან შეხვედრას ვგეგმავ, შესაძლოა, ეს იყოს ონლაინ ფორმატში, მაგრამ უახლოეს დღეებში, ოპოზიციურ ფრაქციებთან და საპარლამენტო ჯგუფებთან ერთ-ერთი საბოლოო განხილვა მექნება და თქვენს კომენტარებს მოვისმენ”, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს თალაკვაძემ.

საუბარია „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე, რომელიც ეუთო/ოდირი-ს რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. ქვეყანამ დაახლოებით 28 რეკომენდაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიიღო. პარლამენტი ცვლილებების ინიცირებას და განხილვას საგაზაფხულო სესიაზე აპირებს.