არჩილ თალაკვაძე - რუსეთს სულ უფრო აგრესიული მიდგომები აქვს, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა რეგიონში
არჩილ თალაკვაძე - რუსეთს სულ უფრო აგრესიული მიდგომები აქვს, მაგრამ ჩვენ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა რეგიონში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიღწევებზე და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს ამ პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, საქართველოს მიღწევები შეარყიოს.

„ჩვენ საერთო პრობლემებიც გვაქვს, რაც გახლავთ შედეგი რუსეთის აგრესიისა – რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვეამაყება ჩვენი მიღწევები და მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისათვის, თქვენი ჩართულობისათვის. ჩვენს ძალისხმევას ხელს უშლის გარკვეულწილად რუსეთის ოკუპაცია, მისი დესტრუქციული და აგრესიული ქმედებები. რუსეთი ცდილობს, შეარყიოს საქართველოს მიღწევები. მას აქვს უფრო და უფრო აგრესიული მიდგომები, მაგრამ ჩვენ ძალიან პრაგმატულები ვართ და პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ, რათა განვამტკიცოთ მშვიდობა, უსაფრთხოება რეგიონში“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხზეც ისაუბრა.

„ბოლო მსხვერპლი რუსეთის ამ ოკუპაციისა გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ცხინვალის ციხეში ჯერ კიდევ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რადგან ის ცდილობდა, სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ადამიანისათვის. ასეთი რამ მუდმივად ხდება. რუსეთის მთავრობა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ცდილობს, ჩვენთვის საზიარო ღირებულებებს ძირი გამოუთხაროს. ეს მიუღებელია არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ჰუმანური, მორალური და ყველა სხვა თვალსაზრისით“ ,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს.

ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში სდებენ ბრალს, თუმცა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.