არჩილ თალაკვაძე - რუსეთს შესაძლოა, თანხა ადარდებს, ქართული მხარისთვის კი ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები
არჩილ თალაკვაძე - რუსეთს შესაძლოა, თანხა ადარდებს, ქართული მხარისთვის კი ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რუსეთს შესაძლოა უშუალოდ კომპენსაციის თანხა ადარდებს, ქართული მხარისთვის კი, ბევრად მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანის უფლებები.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ალექსეი ჩეპას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებას ვერაფერი ვეღარ შეცვლის, რადგან ადამიანის უფლებებთან მიმართებაში ცალსახად დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაარღვია.

„ევროპულ სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტს ბერკეტები აქვთ, რომ მათ გადაწყვეტილებები აღსრულდეს. ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს, მაგრამ დრო გავა და დარწმუნებული ვარ, აღსრულდება. სტრასბურგის გადაწვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ იმ შემთხვევაში, როცა საქმე სამართლიანობას ეხება, ევროპული სასამართლოსა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის დიდი და პატარა ქვეყნები არ არსებობს, სიმართლე არსებობს, რომელიც საქართველოს მხარესაა.

რუსეთს საკმაოდ დიდი ოდენობით კომპენსაცია დაეკისრა და მთავარია არა მხოლოდ კომპენსაცია, არამედ გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ უფლებები მასობრივად დაარღვია. ბრძოლას სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ, რომ საქართველოს სიმართლე დამტკიცდეს. ბრძოლა სამართლებრივი მეთოდებით საერთაშორისო ფორმატში გაგრძელდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ჩეპამ განაცხადა, რომ „რუსეთმა არ უნდა აღიაროს ევროპის სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებები“.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით, ერთი ხმის წინააღმდეგ, საქმეზე  – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოიტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეებზე. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა ჩაურიცხოს.