არჩილ თალაკვაძე - რუსეთს მოლდოვასთანაც უვიზო რეჟიმი აქვს, გაბედოს ოპოზიციამ და თქვას, როგორც საკუთარ ქვეყანას ესხმიან თავს, მოლდოვაზე იმავეს ვერ იტყვიან, რადგან იციან, აქ მავნებლობა გასდით, იქ არ გაუვათ
არჩილ თალაკვაძე - რუსეთს მოლდოვასთანაც უვიზო რეჟიმი აქვს, გაბედოს ოპოზიციამ და თქვას, როგორც საკუთარ ქვეყანას ესხმიან თავს, მოლდოვაზე იმავეს ვერ იტყვიან, რადგან იციან, აქ მავნებლობა გასდით, იქ არ გაუვათ

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების გადაწყვეტილება თავის დროზე ცალმხრივად მიიღო, როდესაც სავიზო რეჟიმი შემოიღო, დაასანქცირა საქართველოს მოქალაქეები და ახლაც ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, როდესაც ეს სანქციები მოხსნა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ამაში არავითარი მონაწილეობა არ აქვს მიღებული და რადიკალური ოპოზიციის, ჩვენი ოპონენტების განცხადებები, როცა ჩვენ გვიყენებენ რაღაც ბრალდებებს, არის მავნებლური და ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ამ განცხადებით არჩილ თალაკვაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორი იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, ცალმხრივად, დროებით, სამი თვის ვადით სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო ოპოზიცია აქციების დაწყებას აანონსებს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე და დააზიანებს თუ არა პროცესს, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პირიქით არის.

„პირიქით ვხედავ მე ამ ყველაფერს. ანუ, რომ გავყოთ ორ ეტაპად. ლოგიკა არის რაში, რომ ევროკავშირმა ერთი წლის წინ საქართველოს არ მისცა კანდიდატის სტატუსი, ეს დროში გადადო და ამ გადადება-დაყოვნებამ გამოიწვია რუსეთის ახალი პოლიტიკური გადაწყვეტილებების აქტივაცია. ახლა ჯერი ჩვენზე და ევროკავშირზეა; ევროკავშირმა დროულად, დაყოვნების გარეშე უნდა მიიღოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა რჩება ისევ რისკების წინაშე და, რასაკვირველია, მომავალშიც არ უნდა გამოვრიცხოთ ახალი გადაწყვეტილებების აქტივაცია მთლიანად რეგიონში, სადაც საფრთხეები არის გაზრდილი იმ ომიდან გამომდინარე, რომელსაც უკრაინაში აწარმოებს რუსეთის ფედერაცია. ახლა ამ ამბავს პირველი ვინც გამოეხმაურა საქართველოში და როგორც გამოეხმაურა, აქედან შეგიძლიათ, დასკვნები გამოიტანოთ, როგორი ოპოზიცია ჰყავს საქართველოს, რა უხარია და რეალურად რა არის მათი ინტერესი, ვგულისხმობ, რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლებასთან კი არ გამართა კონსულტაციები და ეროვნული ინტერესებიდან კი არ გამოვიდა, არამედ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს და მისგან მოითხოვეს ემიგრაციაში მყოფი ასიათასობით თანამემამულის დასანქცირება.

„რუსეთმა გააუქმა სანქციები და რადიკალური ოპოზიცია ჩვენგან ითხოვს ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგ ამ სანქციების დაწესებას. წარმოგიდგენიათ, საერთოდ სად არიან?! ისინი დაშორებული არიან სახელმწიფოს და მოქალაქის ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დასანქცირებას, რასაც ჩვენგან რადიკალური ოპოზიცია ითხოვს. ამისთვის რა შეფასებას მიიღებენ არჩევნებში, მაგას ნახავენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეკითხვაზე, რას უპასუხებს ოპონენტთა განცხადებას, რომ პუტინის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსეთი კმაყოფილია საქართველოს საგარეო კუთხით გატარებული ნაბიჯებით და, მათ შორის, უკრაინის მიმართ პოზიციონირებით, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების საგარეო ნაბიჯებს და პოზიციონირებას.

„მოდით, შევადაროთ სხვა სახელმწიფოებს. თქვენ იცით, რომ მოლდოვასთანაც უვიზო რეჟიმი აქვს რუსეთს? გაბედოს ამ ოპოზიციამ, გამოვიდეს და თქვას ეს, როგორც საკუთარ ქვეყანას უბედავენ და ესხმიან თავს. აბა, თუ გაბედავენ და მოლდოვაზე თუ იტყვიან იმავეს, მაგრამ ვერ იტყვიან, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ აქ მავნებლობა გასდით, რადგან მათ მფარველობენ, იქ კი არ გაუვათ მავნებლობა, იმიტომ, რომ მყისიერ პასუხს მიიღებენ იქ, საიდანაც ეს ხალხი იღებს ენერგიას. მათ შიგნით არავითარი მხარდაჭერა არ აქვთ. სადაც მხარდაჭერას, მიზეზებს და ცეცხლს ეძებენ, ერთადერთი, არის გარე განცხადებები და პროცესები. სამწუხაროდ, მათ დღემდე რჩებათ ლობისტებიც და მეგობრებიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.