არჩილ თალაკვაძე - რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას
არჩილ თალაკვაძე - რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას

ეს განცხადებები, რბილის ძალის გამოყენება და პროვოკაციები არის საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი. რუსეთს მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, მას უნდა შესვლა ყველაფერში, რაზეც საქართველოს წარმატებები დგას და დღეს, ეს ყველაზე მეტად დგას ჯანდაცვის სისტემაზე და ლუგარი არის საქართველოს ჯანდაცვის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„რუსეთი რეალურად მარტო ლუგარის ლაბორატორიას კი არ ესხმის თავს და მარტო ლუგარში კი არ უნდა შესვლა, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ევროატლანტიკურ დღის წესრიგში, უნდა შესვლა და ჩარევა საქართველოს დემოკრატიაში, რუსეთს უნდა შესვლა საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებაში – ოკუპირებული აქვს ორი რეგიონი და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. რუსეთს უნდოდა და მომავალშიც მოუნდება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზეც და ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრორუსულმა ძალებმა არ ისარგებლონ იმ დესტრუქციით, რასაც ეგრეთ წოდებული „პროდასავლური ოპოზიცია” აკეთებს დღეს“, – განაცხადა თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია იყო „კოვიდის“ წინააღმდეგ წარმატების შემქმნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი და ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევა რუსეთის მხრიდან, პირდაპირ უდრის რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.

მისივე თქმით, ის ფაქტი, თუ როგორ იყენებს რუსეთი რბილ ძალას საქართველოში, უნდა იყოს ძლიერი არგუმენტი გადაწყვეტილების მისაღებად დასავლური პოლიტიკური წრეებისთვის, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„მე მინდა დაგარწმუნოთ, რუსეთი საქართველოს მომავალს ვერ შექმნის, ჩვენს მომავავალს ვქმნით ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, საქართველო გააგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას, საქართველო  გააგრძელებს თავისი ინსტიტუტების გაძლიერებას. ჩვენ შევეცდებით, რომ განვითარების მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ კონფლიქტები, აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ევროკავშირსა და ნატო-ში – ეს დროის საკითხია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი