არჩილ თალაკვაძე - რუსეთის წარმომადგენლები ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენენ
არჩილ თალაკვაძე - რუსეთის წარმომადგენლები ნებისმიერ ფორმატში ჩვენგან მოისმენენ იმას, რასაც ყოველთვის ისმენენ

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ კონფერენციაზე და სხვა ნებისმიერ ფორმატშიც ჩვენგან მოისმენენ იმავეს, რასაც ყოველთვის ისმენენ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალკვაძემ თბილისში დაგეგმილ მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წარმომადგენელთა შესაძლო მონაწილეობის კომენტირებისას.

თალაკვაძემ რელიგიური კონფერენციის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ამ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრებიან ევროპის ისეთი სახელმწიფოს დელეგაციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები, რომლებიც საქართველოს განვითარებას და საგარეო კურსს მტკიცედ უჭერენ მხარს.

„შესაბამისად, დისკრედიტაციის მცდელობა, რომელიც ამ კონფერენციის მიმართ არის გარკვეულ მედიასაშუალებებში, ვფიქრობ, არის მიკერძოებული და სუბიექტური.

რაც შეეხება რუსეთის დუმის წარმომადგენლის შესაძლო მონაწილეობას, მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენგან ამ კონფერენციაზე და სხვა ნებისმიერ ფორმატშიც მოისმენენ იმავეს, რასაც ისინი ჩვენგან ყოველთვის ისმენენ. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არანაირი კომპრომისი არ იქნება, საქართველო აგრძელებს განვითარებას და წარმატებულ რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს მტკიცე პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები და ოკუპაცია არის უკანონო.

გარწმუნებთ, რომ ეს იქნება თბილისში, ბრიუსელში, თუ ვაშინგტონში, ამ საკითხზე ჩვენგან პოზიციები იქნება ყველგან ერთი და იგივე. შესაბამისად, ვინც არ უნდა ჩამოვიდეს აქ, ახალს ამ მიმართულებით ჩვენგან ვერ გაიგებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეა თბილისში 19-დან 21 ივნისის ჩათვლით გაიმართება.