არჩილ თალაკვაძე - როგორც კი საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაციის და საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ
არჩილ თალაკვაძე - როგორც კი საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაციის და საყოველთაო კარანტინისთვისაც მზად ვართ

ამ მომენტისთვის ეპიდსიტუაციია შესაბამისი ზომები მიღებულია, თუმცა თუ საჭირო იქნება არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია ან საყოველთაო კარანტინიც გამოვიყენოთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საქართველო სწორად მართავს სიტუაციას და ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღება უნდა მოდუნდეს, რადგან მსოფლიოში გრძელდება პანდემია.

„თუ შემთხვევათა მკვეთრი ზრდა გვექნება, ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომებიც. როგორც კი მარნეულისა და ბოლნისის შემთხვევაში რისკები გამოიკვეთა, მთავრობამ იმოქმედა მყისიერად და იქ შემოიღო კარანტინის გამკაცრებული რეჟიმი. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება დასაბუთებულად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს საჭიროა და ზუსტად იმ ამოცანებისთვის, რომელიც იმ მომენტში დგას, ვინაიდან ჩვენთვის არანაკლებ კრიტიკულია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ამ ვითარებაში ძალიან იზღუდება და მცირდება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა ჯანდაცვის სამსახურების რეკომენდაციების შესრულებისკენ და სოციალური დისტანცირებისკენ.​