არჩილ თალაკვაძე - როდესაც არის კითხვები, ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის პარლამენტის წევრმაც, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს
არჩილ თალაკვაძე - როდესაც არის კითხვები, ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის პარლამენტის წევრმაც, ამ კითხვებს უნდა უპასუხოს

პარლამენტი ყურადღებას მიაქცევს გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, როდესაც არის კითხვები, ნებისმიერმა მოქალაქემ, მათ შორის პარლამენტის წევრმაც ამ კითხვებს უნდა უპასუხოს.

„გიგა ბოკერია არის პარლამენტის წევრი, ოპოზიციის წარმომადგენელი. ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები და პარლამენტი ყურადღებას მიაქცევს მასთან დაკავშირებულ გამოძიებას. როდესაც ადამიანს უსვამენ კითხვებს, მან ამ უნდა უპასუხოს. ამას პოლიტიკურ დევნად ვერ ჩავთვლი. ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპი. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, გამოძიება სერიოზულ საკითხებს ეხება და ყურადღებას მივაქცევთ პარლამენტიდან ამ გამოძიებას. 7-8 წელია, ადამიანი ოპოზიციაშია, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია, ხშირად მისი პარტია ყველაზე აგრესიულ ფორმებს ირჩევს ოპონირების. თუ პოლიტიკური დევნა იყო და ვინმეს ოპონენტის დაპატიმრება პოლიტიკური ნიშნით სურდა, ამას წინა ხელისუფლება აუცილებლად გააკეთებდა და 7-8 წელი არ დასჭირდებოდა. შესაბამისად, როდესაც არსებობს კითხვები და ეს კითხვები სერიოზულ საკითხებს ეხება, ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი ნებისმიერმა მოქალაქემ, მით უმეტეს, პარლამენტის წევრმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „დაპატიმრებებზე“ საუბრისას კონკრეტული არგუმენტებით უნდა მოხდეს საუბარი.

„რაც შეეხება სხვა ადამიანებს, ოპოზიციამ საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს და ჩვენც, მოგვაწოდა 85 ადამიანის სია, რომლებიც მათი თქმით, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებული. საბოლოო ჯამში ჩვენ წარვუდგინეთ დიპლომატიურ კორპუსს და ოპოზიციასაც გადამოწმებული მონაცემები. რეალურად ამ 85 ადამიანიდან უმეტესობა პატიმრობაში არ იმყოფება. დიდ ნაწილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება იყო და ხუთი ადამიანიდან, რომელიც პატიმრობაში იმყოფებოდა, ოთხი ცნობილია დამნაშავედ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევასა და პოლიციელების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით. ოღონდ ეს ადამიანები პოლიტიკოსები არ არიან. ერთი ადამიანი სრულიად სხვა საქმეზე არის მსჯავრდებული. რომელიც საერთოდ არ უკავშირდება მიმდინარე ან წარსულ პოლიტიკურ მოვლენებს. რა დაპატიმრებებზე ვლაპარაკობთ, ალბათ კონკრეტულ საქმეებზე და კონკრეტული არგუმენტებით უნდა გაგრძელდეს ამაზე საუბარი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველო“ წევრი გიგა ბოკერია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს. მათივე ინფორმაციით, გიგა ბოკერია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხება.