არჩილ თალაკვაძე -  რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რამე ვერსია, მათ შორის პლებისციტი, ჩვენი მხრიდან არ განიხილება
არჩილ თალაკვაძე - რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რამე ვერსია, მათ შორის პლებისციტი, ჩვენი მხრიდან არ განიხილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილს თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის ემზადება. თალაკვაძემ მოლაპარაკების პროცესსი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ფასილიტატორ ელჩებს მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც თალაკვაძე ამბობს, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციას მნიშვნელოვან რეფორმას სთავაზობენ.

„ჩვენ ვემზადებით მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები, კონსულტაციები ამას ხელს შეუწყობს. კიდევ ერთხელ მსურს ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს მადლობა გადავუხადო ამ პროცესში ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას, რომელიც ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძვნება, ეს ეხება როგორც საარჩევნო სისტემას, ბარიერს, პროპორციულ განაწილებას თვითმმართველობებში, ეს ეხება პროცედურებს, როგორიც არის ხმების დათვლის მექანიზმი, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა. ასევე ეს ეხება რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის მაგალითად, ცესკო-ს დაკომპლექტების პრინციპი. შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა თავისი შინაარსით არის არსებითი და ძალიან მოცულობითი და ვფიქრობ, საღი აზრი აქ არის ის, რომ ამაზე შეთანხმება შესაძლებელია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარებ პლებისციტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ  რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია, მათ შორის პლებისციტი, ხელისუფლების მხრიდან არ განიხილება, რადგან მოთხოვნები უსაფუძვლოა და სათანადო დასაბუთება არ აქვს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას და მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ეს რეფორმა გავაკეთოთ ოპოზიციასთან ერთად პარლამენტში. რაც შეეხება პლებისციტს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რიგგარეშე არჩევნები ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია, მათ შორის პლებისციტი, რომელზეც მოვისმინეთ ფრაგმენტული კომენტარები, ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნა არის უსაფუძვლო. თუ ამას სათანადო დასაბუთება არ ექნება. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას რომ დიალოგის ფარგლებში ერთად გადაგვემოწმებინა მათი პრეტენზიები და ერთად გამოგვეძიებინა ყველა ის საკითხი, რაზეც მიუთითებდნენ. საბოლოოდ, თქვენ ნახეთ, რომ პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებული არგუმენტი უბრალოდ მათ აღარ დარჩათ, ნახეთ, რომ გადათვლაზე უარი თქვეს, კომისიის შექმნაზეც უარი განაცხადეს. შესაბამისად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გაყალბებაზე ოპოზიციის რადიკალური ფრთის მიერ დაწყებული კამპანია ემსახურებოდა დემოკრატიაზე თავდასხმას და დესტაბილიზაციას, რასაც მათ ვერ მიაღწიეს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.