არჩილ თალაკვაძე - რეკომენდაციები განუხრელად თუ შესრულდება, მაისიდან სავარაუდოდ შევძლებთ, გამკაცრებული ზომების მოხსნა ეტაპობრივად დავიწყოთ
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები და პირობები განუხრელად თუ შესრულდება და ყველა მოქალაქე ჯანდაცვის სამსახურებს დავეხმარებით, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი ეფექტურად იყოს განვლილი, სადაც პიკია მოსალოდნელი, მაშინ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ მაისიდან ზომების მოხსნა ეტაპობრივად დავიწყოთ იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც მიმდინარე მონაცემები მოგვცემს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირველ რიგში, თანამოქალაქეების ჯანმრთელობა დაიცვან.
„მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკის აღდგენისთვის ეფექტიანი გეგმის მომზადებაა, რაზეც ინტენსტიურად ვმუშაობთ და პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა, ჩვენი ჩართულობით და ერთიანი მუშაობის შედეგად წარმოადგენს კონკრეტული ეკონომიკური ინტერვენციების შემდეგ პაკეტსაც.
ხელისუფლებამ, მთავრობამ, ჯანდაცვის სამსახურებმა ეფექტურად მოვახდინეთ პირველი ამოცანის გადაჭრა და ეს იყო ვირუსის მასიური გავრცელების შეკავება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა იყო, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები ყველაზე პირველმა მიიღო, როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ყველა ზომა იყო დროულად და ეფექტურად განხორციელებული, თუმცა ხაზგასმით მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა – ის, რომ საქართველომ მოახერხა და შეძლო პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი იქნება დაბალი გავრცელების პირობებში მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ყველა ღონისძიება გავატარეთ.
თითოეულმა ჩვენგანმა ექიმებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა შეასრულოს ის რეკომენდაციები და წესები, რასაც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები გვაძლევენ, რადგან თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და წესების დაცვა შეიძლება იყოს მხოლოდ იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზე დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა შემთხვევაში, თუ წესებსა და რეკომენდაციებს უგულებელვყოფთ და თუ არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება გავრცელების მაღალი პიკი, რაც შემდეგ დარტყმის ქვეშ დააყენებს ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მოქალაქეებს.
რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებსა და უსაფრთხოებას, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.