არჩილ თალაკვაძე - რეგიონული ფონდის დაფინანსების შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება
არჩილ თალაკვაძე - რეგიონული ფონდის დაფინანსების შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსების შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი კანონმდებლებს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

არჩილ თალაკვაძემ ივანე მაჭავარიანს 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა.

„რეგიონული ფონდის შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება. გვაქვს მოლოდინი, რომ 2020 წლისთვის ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონული პროექტები, რომლებიც იყო განხილვის საგანი რეგიონებში, სოფლებში ჩვენს საზოგადოებასთან, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, რეგიონული ფონდის დაფინანსება დარჩეს იმ ნიშნულზე, რომელიც აღნიშნული პროექტების დაფინანსების გაზრდას შეძლებს. თქვენი პოზიცია და არგუმენტები გვაინტერესებს, თუ რატომ იყო შემოთავაზებული ამ ფონდის შემცირება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 410 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე მცირდება.