არჩილ თალაკვაძე - რატომ ახდენს მამუკა ხაზარაძე საკითხის აჟიტირებას ახლა, როცა პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს
არჩილ თალაკვაძე - რატომ ახდენს მამუკა ხაზარაძე საკითხის აჟიტირებას ახლა, როცა პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს

საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც მან ბიძინა ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრაზე ისაუბრა.

თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ხაზარაძემ პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, ამიტომაც მისი განცხადებები ობიექტურ პრიზმაში უნდა იყოს განხილული.

„ჩვენ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. შესაბამისად, მისი განცხადებები უნდა იყოს განხილული ძალიან ობიექტურ პრიზმაში. ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს – რატომ არ იყო აქამდე გახმოვანებული, როცა ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი; რატომ მიიღო მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს ან თუ მიიღო, რატომ არ გააკეთა ამის შესახებ განცხადებები უშუალოდ იმ შეხვედრის შემდეგ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო და პროკურატურა მაშინაც არსებობდა და მამუკა ხაზარაძეს შეეძლო, მიემართა, ასევე შეუძლია, ახალაც მიმართოს.

„რაზეც საუბრობს, მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში, მაგრამ  რომელზეც საუბრობს არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადაო საკითხები განიხილეს. ალბათ, ჩემი პასუხი უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე – საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს, ხოლო სასამართლო და პროკურატურა არსებობდა მაშინაც, რომ მიემართა მამუკა ხაზარაძეს, არსებობს დღესაც და მას შეუძლია, დღესაც მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს. ასე რომ, რატომ ხდება ამ საკითხის აჟიტირება ახლა, როდესაც ის პოლიტიკურ პარტიას ქმნის, ალბათ, ეს არის ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.