არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩება, მათი მთავარი მიზანია ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესის ჩაშლა
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩება, მათი მთავარი მიზანია ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესის ჩაშლა

ევროპარლამენტარებმა როგორც საქართველოში, ისე ბრიუსელიდან პირდაპირ უთხრეს ოპოზიციას, რომ წესი ნომერი ერთია – რეკომენდაციებზე მუშაობთ ერთად, ხელისუფლება და თქვენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ხელისუფლება ამაზე მუშაობს ოპოზიციის ნაწილთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხოლო რადიკალური ოპოზიცია და მათ შორის, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რადიკალური ბანაკის ქოლგა, მუშაობს ცალკე, მუშაობს სხვაგან და სხვა რამეზე, ვიდრე დავალებაა. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები ქვეყანას აბსოლუტურად სხვაგან ექაჩებიან და ამ პროცესის მთავარი მიზანი გახლავთ არა ის, რომ რამე გამოვიდეს, არამედ ევრორეკომენდაციებზე მუშაობის პროცესის ჩაშლა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სწორედ ეს ადამიანები იყვნენ, ვინც ევროპაში დადიოდა, სხვადასხვა საერთაშორისო არხებზე ერთვებოდა და ევროპელებს უმტკიცებდა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ უნდა მიიღოს.

„ამ ყველაფერს აკეთებენ იმიტომ, რომ მათი სახელმძღვანელო პრინციპია – ყველაფერი ცუდია, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. ანუ, თუ მათი გაკეთებული არ არის, ყველაფერი ცუდია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა აძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს მაშინ, როცა გადაცემაში სტუმრობისას ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლების რამდენიმე ინიციატივას ადეკვატურად ჩათვლიან, განხილვების დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიები პარლამენტის მთავარ დარბაზში ევრორეკომენდაციებზე მუშაობას არ ესწრებიან და გაუგებარია, სად და როგორ უნდა გაიგოს მელიამ, სწორი ინიციატივები მზადდება, თუ არასწორი.

„ეს ერთი და მეორე, მელია რატომ არის არბიტრი და შემფასებელი, რამე სწორად კეთდება, თუ არასწორად? მით უმეტეს, თუ ის პროცესში არ არის ჩართული. ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული განცხადებაა გაკოტრებული პარტიის ხელმძღვანელისგან, რომელმაც პარტია დაშალა, ვეღარ ააწყო და, რომელიც ქუჩის პოლიტიკის ცნობილი მიმდევარია?!“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ თუ რეკომენდაციების შესრულების პროცესი ჩაიშლება, ან საკმარის დონეზე არ წარიმართება, ამით საქართველო დაზიანდება. ხოლო თუ საქართველო დაზიანდება, პირველ რიგში დაზიანდება ხელისუფლება, როგორც პასუხისმგებელი, მთავარი მოქმედი პირი. თალაკვაძის თქმით, ამ ფონზე რადიკალური ოპოზიცია შეეცდება, ქვეყანაში უმართავი პროცესი შექმნას და ქუჩის პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ჰგონიათ, რომ კარგად გამოსდით.

„ნაციონალურ მოძრაობას“ თუ დაუკვირდებით, ხელისუფლებაში ქუჩით მოვიდნენ, ქუჩით მართავდნენ და ოპოზიციაშიც ქუჩაში არიან“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობის მიღება უნდა, ხელისუფლება თანამშრომლობისთვის მზადაა.