არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია, მათ მიერ დაფუძნებული არასამთავრობოები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებული არიან საკუთარ ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე შეტევით
არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიცია, მათ მიერ დაფუძნებული არასამთავრობოები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებული არიან საკუთარ ხელისუფლებაზე, ქვეყანაზე შეტევით

რადიკალური ოპოზიცია, მათ მიერ დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობოები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია დაკავებული არიან საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაზე შეტევით, მუდმივად იმის მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა გამოკითხვით მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავის პოლიტიკას ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით აკეთებს და დგამს ნაბიჯებს, რომელიც სჭირდება ქვეყანას და შესაბამისობაშია საერთაშორისო ვალდებულებებთან.

„გამოდის, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებები და მოთხოვნები არის ძალიან ზოგადი, არის ძალიან კატეგორიული და ულტიმატუმის ტონით გაკეთებული, რაც ამ რთულ დროში გაუგებარია. როცა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას ასე ესაუბრება, ეს რას ემსახურება, ჩვენთვის გაუგებარია. თითოეულ საკითხზე ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები არსებობს. შესაბამისად, მათი განცხადება ჩვენთვის სიახლე არ არის, რადგან მასში მოცემულ კონკრეტულ ყველა პუნქტზე ძალიან მკაფიო პასუხებია – საქართველოს ხელისუფლება ყველა თავის ნაბიჯს, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას აფუძნებს ქვეყნის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს და ასევე იმ ვალდებულებებს, რომელიც გვაქვს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ჩვენს პარტნიორებს და თავად უკრაინელ ხალხს, რომელთაც არაერთხელ გამოხატეს მადლიერება საქართველოს, ქართული საზოგადოების და ხელისუფლების მხარდაჭერის გამო.

ვინც ჯერ კიდევ ვერ დაინახა, რას აკეთებს საქართველის ხელისუფლება და ქართული საზოგადოება უკრაინელებისა და უკრაინის მხარდასაჭერად, მინდა კიდევ ერთხელ ჩამოგითვალოთ – საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში, გაერო-ში, ეუთო-სა და ევროპის საბჭოში მხარი დაუჭირა უკრაინისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებს, რეზოლუციებს და გამოხატა მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველომ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება და ამ პროცესს დღემდე განაგრძობს. ეს ხდება როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების ცალკეული საინიციატივო ჯგუფების დონეზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან და ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით ყველა იმ საკვანძო გადაწყვეტილებას, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ მიიღო.

„საქართველოს ტერიტორიები ჯერ კიდევ ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი, სამხედრო აგრესია და ტერიტორიების ოკუპაცია. ამიტომ ამ მიმართულებით ატეხილი აჟიოტაჟი არის ხელოვნურად ატეხილი. ცალსახად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ როგორმე, პოლიტიკურ ზედაპირზე შეინარჩუნონ თავი, რადგან გახსოვთ, რა ხდებოდა ომის წინა პერიოდში – წააგეს არჩევნები და საბოტაჟის გეგმა რომელიც ჰქონდათ გაკოტრდა. პრაქტიკულად, პოლიტიკურ აფსაითში აღმოჩდნენ და შემდეგ ცდილობდნენ, სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის შეეშალათ ხელი საპარლამენტო აქტივობის განხორციელების პროცესში. დღეს, როცა ომია უკრაინაში, ცდილობენ, ამ საკითხით ყველანაირ სპეკულაციას, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გაატარონ, რის საშუალებასაც ჩვენი ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც პრაქტიკულად მეხუთე კოლონად გადაიქცა.

ამ მეხუთე კოლონას თავისი სოლისტები, თავის შემსრულებლები, კონტროლირებადი მედია ჰყავთ. როცა ყველა კარი დაკეტილია, ცდილობენ, ფანჯრიდან შემოვიდნენ ამ პროცესში. ამ ყველაფერს სხვა არაფერი ჰქვია, როცა უკრაინაში ომია და რეგიონში უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევებია, რით არის დაკავებული რადიკალური ოპოზიცია, მათ მიერ დაფუძნებული ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მათ მიერ კონტროლირებადი მედია? – დაკავებული არიან საკუთარ ხელისუფლებაზე, საკუთარ ქვეყანაზე შეტევით და მუდმივად იმის მცდელობით, რომ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც ამ მომენტში იქნებოდა გაუმართლებელი და არანაირად არ მოდის თანხმობაში იმ პოლიტიკასთან, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ. ეს არის ცხადი და არ დავუშვებთ იმას, რომ ვინმემ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლება დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, „რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მხარდამჭერი მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს“.