არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას არ მივცემთ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს სასამართლოს, ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური ანეკდოტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის სასამართლოს თავისუფლებისთვის
არჩილ თალაკვაძე - რადიკალურ ოპოზიციას არ მივცემთ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს სასამართლოს, ევროპულ პერსპექტივას, პოლიტიკური ანეკდოტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძვის სასამართლოს თავისუფლებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ემსახურება არა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს იდეას, არამედ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სამ კონკრეტულ ამოცანას.

თალაკვაძის განმარტებით, ეს ამოცანებია: ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის დაბლოკვა, შეტევა და ზეწოლა სასამართლოზე, შურისძიება მოსამართლეებსა და სასამართლოზე, რომელმაც მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულებისთვის გაასამართლა.

„საზოგადოებამ დღეს კიდევ ერთხელ ნახა დებატები მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს სასამართლოს. ნახა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ ჰქონდა პასუხები და არგუმენტები არცერთ მნიშვნელოვან კითხვაზე, განცხადებაზე, რომელიც ჩვენგან მოისმინა. რეალურად, ჩვენ პირდაპირ ვუთხარით ჩვენი სათქმელი, რომ კომისიის შექმნის ინიციატივა ემსახურება სინამდვილეში არა დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს იდეას, არამედ სამ კონკრეტულ ამოცანას, რომელიც მიზნად აქვს დასახული რადიკალურ ოპოზიციას. პირველი არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესის დაბლოკვა და მისი გადავადება დროში, რომ საქართველომ კიდევ ერთხელ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი; მეორე არის შეტევა და ზეწოლა სასამართლოზე, როგორმე მის დამოუკიდებლობაში ჩარევა და კონტროლის გარკვეული დონის მოპოვება; მესამე არის შურისძიება მოსამართლეებსა და სასამართლოზე, რომელმაც გაასამართლა მათი პოლიტიკური ლიდერები უმძიმესი დანაშაულებისთვის.

ამას არ პატიობენ და ეს დღემდე მიუღებელი რჩება მათთვის, რადგან ვერ წარმოედგინათ იმ პირობებში, როდესაც სრულად აკონტროლებდნენ სასამართლოს, სასამართლო გაასამართლებდა და განსჯიდა იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე ამ უსამართლო და ადამიანის უფლებების დამცირებაზე, დარღვევაზე დაფუძნებული რეჟიმის სათავეში იდგნენ. ჩვენ დღეს რადიკალურ ოპოზიციას არ მივეცით საშუალება, რომ კიდევ ერთი შეტევა და ძირგამომთხრელი კამპანია დაეწყოთ სასამართლოს წინააღდეგ, მაშინ როდესაც ქვეყანა არის ევრორეკომენდაციების შესრულების პრიცესში და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხი უნდა იყოს განხილული უკვე წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნაწილს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ საშუალებას, ძირი გამოუთხაროს სასამართლოსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.

„თავისთავად, პროცესი, რომელიც მათ ჩაიფიქრეს, არის დამაზიანებელი ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის. ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თვეების განმავლობაში კომისიამ უნდა იმუშაოს, ისინი შექმნიან აღქმას, ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩრდილი მიაყენონ და მოახდინონ სასამართლოს დისკრედიტაცია, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია კანდიდატის სტატუსთან. საქართველოს მოსახლეობას და მოქალაქეებს ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მათი მიზანი ყველა წინა ეტაპზე იყო, დაებლოკათ კანდიდატის სტატუსი. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ აირჩიეს თემა, რომლითაც ახლა შეეძლოთ, ზიანი მიეყენებინათ ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესისთვის. თავისთავად პოლიტიკური ანეკდოტია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიმე ფორმით იბრძვის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალავაძემ.

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დღეს კენჭისყრა ვერ შედგა.