არჩილ თალაკვაძე - რაც უფრო ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძლიერდება ბრძოლაც ამ პროგრესის წინააღმდეგ
არჩილ თალაკვაძე - რაც უფრო ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძლიერდება ბრძოლაც ამ პროგრესის წინააღმდეგ

რაც უფრო ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან ძლიერდება ბრძოლაც ამ პროგრესის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძლიერი მეგობარი. ერთი მხრივ, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოსა და ევროპულ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებს, დასავლურ საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ხარისხი იყოს კიდევ უფრო მაღალი. ამას ადასტურებს ჩვენი თავსებადობა ნატო-ს სტანდარტებთან, ისტორიულად მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული თანამშრომლობა აშშ-თან, საქართველოს პროგრესი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ამას აჩვენებს საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რაც მეტ პროგრესს აჩვენებს ქვეყანა, რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც საქართველო გახდება ნატო-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან, მათი მხრიდან, ვისაც არ მოსწონს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერება, არ მოსწონს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ძლიერდება ბრძოლაც ამ პროგრესის წინააღმდეგ. მინდა, დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება, ჩვენი კურსი არის ურყევი, მიზანი, რომელიც აქვს დასახული საქართველოს, არის სწორი. საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას. ჩვენ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. ჩვენ პარტნიორებთან ერთად საზოგადოების მხარდაჭერით ვქმნით მომენტს, როდესაც ეს მიზანი შესრულდება. სხვა დღის წესრიგი არის, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ არის მიმართული და დეზინფორმაციასთან მიმართებით, რბილ ძალასთან მიმართებით საჭიროა საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთად ყოფნა, კონსოლიდაცია და გამბედავი ნაბიჯები, რომლებიც ამ ღირებულებების ერთგული იქნება. ჩვენ ვრჩებით ამ ღირებულებების ერთგული. ჩვენი საგარეო პოლიტიკური არჩევანი არის მტკიცე. ეს არ შეიცვლება და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.