არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს
არჩილ თალაკვაძე - ქვეყნის უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს

საქართველოს უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რათა უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს არც შიგნით და განსაკუთრებით არც გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების გადაზღვევა ყოველდღე ხდება, როცა საქართველო უახლოვდება ნატო-ს, აძლიერებს ურთიერთობებს ამერიკასთან და როცა სრულდება საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი.

„საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევაა, რომ რუსეთის ფედერაცია უკანონოდ ახორციელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციას. ამ ოკუპაციის ნაწილია საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე შეტევა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ოპოზიციური პარტია ხელს უწყობდა ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებით და სახელმწიფო უწყებებზე შეტევებით. მათი დღის წესრიგი რუსეთის დღის წესრიგს ხშირად ემთხვეოდა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ დავიცავთ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას ყველა საერთაშორისო ფორმატში, როგორც ეს გავაკეთეთ სტრასბურგში აგვისტოს ომზე, რომლის საქმე მოვიგეთ. ამ წლების განმავლობაში, რუსეთთან მშვიდი, პრინციპული, დაბალანსებული და არაკომპრომისული პოლიტიკით შევძელით, რომ ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, დაცულია უსაფრთხოება და საქართველოს არის დასავლური პარტნიორების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების კუთხით. უსაფრთხოების გადაზღვევას ყოველდღე ვახდენთ, როცა საქართველო უახლოვდება ნატო-ს, აძლიერებს ურთიერთობებს ამერიკასთან და როცა ვასრულებთ საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგს. ეს არის გარანტია, რომ საქართველოს უსაფრთხოება შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული, თუმცა ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების დაზიანების საშუალება არ მივცეთ არც ერთ მოწინააღმდეგეს არც შიგნით და განსაკუთრებით არც გარეთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.