არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს და ამ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დემონსტრაციულად ისევ უგულვებელყოფს კონსტიტუციას, მოქმედებს ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ
არჩილ თალაკვაძე - ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს და ამ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დემონსტრაციულად ისევ უგულვებელყოფს კონსტიტუციას, მოქმედებს ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ

ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს და ამ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი დემონსტრაციულად ისევ უგულვებელყოფს კონსტიტუციას, ეს მოქმედებს საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ქვეყანას ხელი ეშლება, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე.

„თავისთავად ეს ფაქტი ვერ იქნება უკვე იმაზე მნიშვნელოვანი, რაც უკვე მოხდა. საკონსტიტუციო სასამართლომ პირდაპირ დაადგინა, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია და ასევე პარლამენტმა პოლიტიკური იმპიჩმენტის ინიცირება მოახდინა. პარლამენტში, პრინციპში, გაკეთდა ყველა შეფასება და ითქვა ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, ანუ ევროკავშირმა უნდა დაადასტუროს უკვე ოფიციალურად, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. პოლიტიკურად ეს არაერთხელ აქვს ევროკავშირს გაცხადებული, მაგრამ ახლა ოფიციალურად უნდა დაადასტუროს. ამ ფონზე, როდესაც ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი დემონსტრაციულად ისევ უგულვებელყოფს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ეს ქვეყანას ნამდვილად ხელს უშლის, რომ უფრო სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.