არჩილ თალაკვაძე - ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა, თემურ წიკლაურის მრავალფეროვანი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ისტორიას
არჩილ თალაკვაძე - ქართულმა სცენამ დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა, თემურ წიკლაურის მრავალფეროვანი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ისტორიას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. თალაკვაძე პარლამენტის სახელით უსამძიმრებს წიკლაურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს.

„ქართულმა სცენამ და ქართველმა მსმენელმა დიდი ვარსკვლავი და საყვარელი შემსრულებელი დაკარგა. თემურ წიკლაურს წილად ხვდა ბედნიერება ყოფილიყო ქართველი ხალხის საყვარელი შემოქმედი, რომელსაც პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად საქართველოს არწივი შეარქვეს. მისი მრავალფეროვანი შემოქმედება და გაცოცხლებული პერსონაჟები სამუდამოდ დარჩება ისტორიას. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონი თემურის ოჯახს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს“,- აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.

75 წლის ასაკში თემურ წიკლაური დღეს გარდაიცვალა. წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა.