არჩილ თალაკვაძე - ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, რაც ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი
არჩილ თალაკვაძე - ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, რაც ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი

სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ქართული სასამართლო დღეს ბევრად თავისუფალია, ის არის ევროპის 20 საუკეთესო სასამართლო სისტემას შორის, ეს შესაძლებელი გახდა იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში განვახორციელეთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებს მმართველი გუნდი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება.

თალაკვაძის განმარტებით, პარტნიორებთან ჰქონდათ წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფომირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 30 სექტემბერს იხურებოდა.

„ვნახე განცხადება. მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიას ეს პროექტი ჩვენ გადავუგზავნეთ. სწორედ ჩემი ხელმოწერით და ჩემი ინიციატივით იყო გადაგზავნილი. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფომირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა.

შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით, ველოდით ვენეციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნას. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბრის შეხვედრაზე შეძლებდა ვენეციის კომისია ამ დასკვნის და რეკომენდაციების დამტკიცებას, შესაბასმისად, ჩვენ ველოდებით. მოგეხსენებათ, ჯერ არ არის ეს დასკვნა მზად, ჯერ არ გადმოგზავნილა ჩვენთან. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებს. სიმართლე და ფაქტი არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართული სასამართლო დღეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ის არის ევროპის 20 საუკეთესო სასამართლო სისტემას შორის და ეს გახდა შესაძლებელი იმ რეფორმების შედეგად, რომელიც ჩვენ სასამართლო სისტემაში განვახორციელეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.