არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკა უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული გახდა
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკა უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული გახდა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა „ფიტჩის“ (Fitch) მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე შენარჩუნების საკითხზე კომენტირებისას.

არჩილ თალაკვაძემ ახალ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გამაახვილა ყურადღება.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მკვეთრი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ინტეგრაცია ახალ საერთაშორისო, მნიშვნელოვან ეკონომიკურ ბაზრებზე. აღმოსავლეთით ჩინეთთან ვაჭრობის ხელშეკრულებას გამოვყოფდი, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, სადაც გვაქვს ექსპორტის 20 პროცენტზე მაღალი ზრდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა, ეკონომიკა კიდევ უფრო დამოუკიდებელი და დივერსიფიცირებული გახდა. ბუნებრივია, გეოგრაფიას ვერ უგულვებელვყოფთ. საქართველოს არის ამ გეოგრაფიაში და საფრთხეები, რომლებიც რეგიონში არსებობს, უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის რუსეთის ბაზარი და რუსეთის ფაქტორი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ამ მიმართულებითაც პრაგმატული პოლიტიკა უნდა გატარდეს.

„ვფიქრობ, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაგმატული საერთაშორისო პოლიტიკა გავატაროთ. ვიწროპარტიულმა პროვოკაციებმა, რომლებიც სამწუხაროდ ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, მართლაც მოუტანა ზიანი და დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, კლიმატს, რომელიც არის საინვესტიციო, ბიზნესის კეთებისა და ტურიზმის თვალსაზრისით. ამას სათანადო შეფასებები უნდა მიეცეს, რადგან რეალურად, დეოკუპაციისა და სამშობლოს სიყვარულის საფარქვეშ გარკვეული ძალები ფარისევლურად ცდილობდნენ, გარკვეული მიზნებისთვის მიეღწიათ. სინამდვილეში, ამით ზიანი მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეძლებს ეკონომიკისა და ტურისტული ნაკადის აღდგენას.

„იმ დროს, როცა პოლიტიკური ძალები დაკავებული უნდა იყვნენ, ერთიანი პოზიცია აჩვენოს საქართველომ ამ ტიპის სანქციებს, შიგნით ცდილობენ პროვოკაციებს და ხელისუფლებისთვის ჩრდილის მიყენებას. როგორც იკვეთება, ამ პოლიტიკური ძალების მიზანი იყო, დაეზიანებინათ ჩვენი ეკონომიკა და ხელისუფლება, ეს სიტუაცია გამოეყენებინათ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).

დატოვე კომენტარი