არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციაში ასახა
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და პროპორციული საარჩევნო სისტემა კონსტიტუციაში ასახა

როგორც მმართველმა სახელისუფლო ძალამ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში შეგვეცვალა ქვეყნის საარჩევნო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ქვეყანა გადავა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს.

„მადლობას გიხდით, რომ მასპინძლობთ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ეს განხილვა შეეხება საარჩევნო სისტემას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უნდა იყოს გამოყენებული და შემდგომ 2024 წლამდე შესაძლოა, იყოს გამოყენებული, ვინაიდან 2024 წელს ქვეყანა სრულად გადადის პროპორციულ სისტემაზე. დღეს მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან დარბაზში და თავის თვალთახედვას იტყვიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორედ განსხვავებული პოზიციები, განსხვავებული მოსაზრებები  ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს.

მინდა, დავიწყო მცირედი ექსკურსით. მოგეხსენებათ, ჩვენ როგორც მმართველმა სახელისუფლო ძალამ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში შეგვეცვალა ქვეყნის საარჩევნო სისტემა და დღეს უკვე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილია, რომ ქვეყანა გადავა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს. ეს იყო ჩვენი თავდაპირველი დაპირება, როდესაც მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ჩვენ გამოვიყენეთ, მათ შორის ამ ცვლილების მისაღებად“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, „ქართულმა ოცნებამ“, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში და პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, გააკეთა ეს რეფორმა და „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღო გადაწყვეტილება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და ასახა კონსტიტუციაში პროპორციული საარჩევნო სისტემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვაში, რომელიც საქართველოს პირველ არხის ეთერში გადაიცემა, საკონსტიტუციო კომისიის წევრები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ირმა ინაშვილი და მარიამ ჯაში მონაწილეობენ. განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი