არჩილ თალაკვაძე - ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო მასშტაბით „ოთხოზორია ტატუაშვილის სიის“ რეალური აღსრულებისთვის
არჩილ თალაკვაძე - ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო მასშტაბით „ოთხოზორია ტატუაშვილის სიის“ რეალური აღსრულებისთვის

ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს საერთაშორისო მასშტაბით „ოთხოზორია ტატუაშვილის სიის“ რეალური აღსრულებისთვის, საოკუპაციო რეჟიმს კი, მოუწევს, საზოგადოება დაარწმუნოს, რამდენად საფუძვლიანია მათი ინიციატივა ე.წ. სანაკოევის სიის მომზადებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ მოამზადა, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ან მსჯავრდებული პირები არიან შეყვანილი.

„სიაში არიან ადამიანები, რომელთაც კონკრეტულ დანაშაულებში მიუძღვით ბრალი და სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ დიალოგთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ყველას, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები საზოგადოების ინტერესია, დანაშაულის ჩამდენი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ.

„აღნიშნული სიის დანიშნულებაა, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა დაინახონ, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა დაუსჯელი არ დარჩება.  რაც შეეხება მათი მხრიდან ე.წ. სიის მომზადებას, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ის მნიშვნელობა აქვს, რომ მისი კომუნიცირება მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ამ ადამიანებზე დაწესდება შეზღუდვები, როგორც გადაადგილების, ისევე ფინანსური ტრანზაქციების თვალსაზრისით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

მისი თქმით, ამოცანა მხოლოდ სიის შედგენა არ ყოფილა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მასშტაბით აღნიშნული დოკუმენტის რეალური აღსრულება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ოთხოზორია-ტატუაშვილის სიის“ შემთხვევაში ასე მოხდეს. საოკუპაციო რეჟიმს კი, ალბათ მოუწევს, საზოგადოება დაარწმუნოს, რის გაკეთებას აპირებს და რამდენად საფუძვლიანია მათი ინიციატივა. ოფიციალურ ფორმატებში, სადაც მსგავსი მიმდინარე საკითხები განიხილება, ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი გვაქვს. თუ მათ კონკრეტული დანაშაულის შესახებ მტკიცებულებები და ინფორმაცია აქვთ, ამის გაზიარება შესაძლებელია”, – ამბობს თალაკვაძე.

დეპუტატის შეფასებით, საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს, სიმართლე ყველას დაანახოს, ხოლო ოკუპაციაზე პასუხისმგებელი რეჟიმი დისკრედიტაციითა და პროვოკაციებით არის დაკავებული.

„ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ გაამყარა ვერსიები, რაც საქართველოს პარლამენტმა ტატუნაშვილის მკვლელობაზე რეზოლუციაში ასახა. რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გამოძიების პროცესის ბოლომდე მიყვანა და მართლმსაჯულების აღსრულება იყო. ძალისხმევას გავაგრძელებთ, რომ ყველა მონაწილე და დამნაშავე გამოიკვეთოს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ, მათ შორის, მუშაობას გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ყურადღება არ შემცირდეს“ – განაცხადა თალაკვაძემ.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ 26 ივნისს დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი. დოკუმენტის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყებები იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის საპასუხოდ, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. სანაკოევის სიის შექმნას გეგმავს.