არჩილ თალაკვაძე - ქართული აბრების შესახებ მერიის ინიციატივა სამართლიანი და დროულია 
არჩილ თალაკვაძე - ქართული აბრების შესახებ მერიის ინიციატივა სამართლიანი და დროულია 

პარლამენტი მზად არის, გაითვალისწინოს დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც ქალაქში გაკეთებულ წარწერებში ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენებას ეხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კახა კალაძის ინიციატივა არის სამართლიანი და დროული.

„მინდა, გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას, რომელიც ქალაქში გაკეთებულ წარწერებში ქართული დამწერლობის სავალდებულო გამოყენების პრინციპს ეხება. ჩვენ მზად ვართ, ეს წინადადება სათანადოდ დავამუშაოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში. მერის ინიციატივა ვფიქრობ, არის სამართლიანი და დროული. ყველამ უნდა ვცეთ პატივი კანონს და უპირველესად გარე აბრებზე ქართული წარწერები უნდა იყოს განთავსებული. ქართული მსოფლიო 14 ძირითად დამწერლობას შორის ერთ-ერთი და უძველესია, მეც როგორც პარლამენტის წევრს, ამ ქვეყნის მოქალაქეს მინდა, ჩემი შვილები პირველ რიგში ქართულ წარწერებს კითხულობდნენ ქალაქის ქუჩებში, ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს აჩვენებდნენ, ქართულ ანბანს და ტექსტებს. თითოეული სტუმარი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, სწორედ იმიტომ ჩამოდის, რომ საქართველოში ის ხედავს უძველეს ღრმა და თვითმყოფად ცივილიზაციას, კულტურას, დამწერლობას და განუმეორებელ ამბავს, ამ ამბის გადმოსაცემად ქართული დამწერლობა აუცილებელია”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მერია პარლამენტში აგზავნის კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე  ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.