არჩილ თალაკვაძე -  „ქართულ ოცნებას“ პროფესიონალი მინისტრები ჰყავდა, რის გამოც მთავრობის ახალი შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა
არჩილ თალაკვაძე - „ქართულ ოცნებას“ პროფესიონალი მინისტრები ჰყავდა, რის გამოც მთავრობის ახალი შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით გუნდი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. მისივე თქმით, პროგრამა ორიენტირებულია ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ მიზნების შესრულებაზე, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება.

ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ პროფესიონალი მინისტრები ჰყავდა, რის გამოც მთავრობის ახალი შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა.

„მინდა, ასევე გამოვეხმაურო რამდენიმე სკეპტიკოსის განცხადებებს პროგრამასთან დაკავშირებით. აქაც იყო მცდელობა სრულიად უსაფუძვლო დისკრედიტაციის, რომ თურმე როგორ შეიძლება, ერთ ან ორ დღეში პოლიტიკურმა გუნდმა სამთავრობო პროგრამა შეიმუშაოს, ან რამდენად არის სწორი რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინოს პარლამენტს. ვფიქრობ, არგუმენტები აქ ძალიან მკაფიოა. ეს გახლავთ არსებითად პროგრამა, რომელზეც ჩვენმა გუნდმა იმუშავა თვეების განმავლობაში და ის ორიენტირებული არის ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმ მიზნების შესრულებაზე, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას უკავშირდება. დღეს ჩვენ კვლავ ვიმყოფებით პანდემიასთან ბრძოლის პირობებში და კვლავ ვდგავართ იმ ამოცანების წინაშე, რასაც ჰქვია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. შესაბამისად, პასუხიც ამ სკეპტიკოსების მისამართით გახლავთ სწორედ ეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ გუნდს, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და დღესაც შეგვიძლია ვთქვათ იგივე, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან გამოცდილი გუნდი, ჰყავდა პროფესიონალი მინისტრები კაბინეტში და ამით აიხსნება ის, რომ შემადგენლობა არსებითად არ შეცვლილა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.