არჩილ თალაკვაძე - ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენს თანამემამულეებთან მეტი ურთიერთობა გვჭირდება
არჩილ თალაკვაძე - ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენს თანამემამულეებთან მეტი ურთიერთობა გვჭირდება

თბილისში დიასპორის საკითხებზე მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

თალაკვაძემ ქართული დიასპორის როლზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო, განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის წარმატებით განხორციელებაში.

„ქართული სახელმწიფოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიასპორული კონფერენციის გამართვა. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას მასპინძლობს საქართველოს პარლამენტი, რითაც კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თანამემამულეების მიმართ. ქართულ დიასპორას განსაკუთრებული მისია აქვს – უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო, განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის წარმატებით განხორციელებაში. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართულ დიასპორებსა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, უფრო მეტი ურთიერთობა გვჭირდება ჩვენს თანამემამულეებთან. როდესაც ემიგრაციაში ხარ, განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანია შენს სამშობლოსთან არსებული ემოციური და სულიერი ძაფების შენარჩუნება. ჩვენი თანამემამულეები ხშირად სამშობლოსგან ათასობით კილომეტრის დაშორებით, ისევე ახლოს არიან საქართველოსთან, როგორც თითოეული ჩვენგანი – ქართულად ასწავლიან შვილებს, ქართული სტუმარ-მასპინძლობით ხვდებიან სტუმრებს და ქართულ ეკლესია-მონასტრებში ლოცულობენ. ჩვენ კარგად გვესმის ამ კავშირების მნიშვნელობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე.

„საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში განსაკუთრებული ადგილი განუსაზღვრა სიტყვას „თანამემამულე“ და „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს“. ქვეყნის ძირითად კანონში პირველად გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმად სახელმწიფო იღებს ვალდებულებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ კონსტიტუციურ ფუნქციად და საქმიანობის ძირითად მიმართულებად განისაზღვრება დიასპორაზე ზრუნვა. საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მოხდა კონსტიტუციის იმ ჩანაწერის გაუქმება, რომელიც ზღუდავდა ორმაგ მოქალაქეობას. კონსტიტუციის ეს ნორმა პრობლემებს უქმნიდა ჩვენს თანამემამულეებს. შესაბამისად, შეზღუდვა მოხსნილია და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც, ჩვენს თანამემამულეს შეუძლია საქართველოს მოქალაქეობისა და შესაბამისად, ქართულ სახელმწიფოსთან სამართლებრივი კავშირის შენარჩუნება. ქალბატონებო და ბატონებო, პარლამენტი მუშაობს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის ახლებურად გააზრებასა და მის შესაბამისობაში მოყვანაზე ქართული სახელმწიფოსა და დიასპორის წინაშე მდგარ გამოწვევებთან. დღეს აშკარაა, რომ ეს ურთიერთობა ახალ სიმაღლეზე უნდა გადავიდეს და აქ უმთავრესი როლი საზღვარგარეთ მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა და საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა უნდა იკისრონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ევროინტეგრაციის პროცესში დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„უნდა გაძლიერდეს მათი საქმიანობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში. ამიტომაც, კანონში ცვლილება უზრუნველყოფს ორგანიზაციების გაძლიერების, სტიმულირებისა და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შექმნას. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მუშაობს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის კუთხით. იგეგმება კონსულტაციები უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებისათვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირების განმტკიცებას, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და კონფერენციის ორგანიზატორებს იმისათვის, რომ ხელს უწყობენ ამ თემაზე ფართო დისკუსიის გამართვას. საქართველოს პარლამენტი მომავალშიც დარჩება ამ პროცესის აქტიურ მონაწილედ. დიდი მადლობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.