არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა მართებულად თქვა, რომ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ დახმარებით, მაგრამ მალე გავიდა პასუხისმგებლობისა და დაპირებებიდან, რომლებიც საზოგადოებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტმა მართებულად თქვა, რომ გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ დახმარებით, მაგრამ მალე გავიდა პასუხისმგებლობისა და დაპირებებიდან, რომლებიც საზოგადოებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა

„ქართული ოცნების“ ამომრჩეველი და საზოგადოების ნაწილი პრეზიდენტზე სამართლიანად არის გაბრაზებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა იყო მოკლე და მასში გამოტოვებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები.

ამასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა სამართლიანად აღნიშნა, რომ მან გაიმარჯვა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ დახმარებით, თუმცა მალევე გავიდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სივრციდან.

„პრეზიდენტმა მართებულად თქვა, რომ მან გაიმარჯვა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ დახმარებით და სწორად აღნიშნა, როდესაც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის და ქვეყანაში საერთოდ ამინდის, საზოგადოების და ადამიანთან მიდგომის სტანდარტი შეიცვალა, თუმცა მან არ მოგვცა საშუალება, დღეს მისთვის გვეთქვა, რომ ამ გამარჯვებიდან ძალიან მალე გავიდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სივრციდან, გავიდა იმ პასუხისმგებლობისა და დაპირებებისგან, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მისცა საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, ეს გამართლებული და ნორმალური იქნებოდა, გიორგი მარგველაშვილს მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა რომ შეესრულებინა და ზეპარტიული პრეზიდენტი გამხდარიყო, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების გარშემო გააერთიანებდა საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს.

„სამწუხაროდ, მან არ აირჩია ეს გზა, არ გახდა და ვერ გახდა გამამთლიანებელი და ვერ გახდა შეკრების ფაქტორი, როდესაც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეხებოდა საქმე. მეტიც, ჩვენ გვახსოვს არაერთი კინკლაობა, არაერთი კატეგორიული ნაბიჯები, როდესაც საქართველოს ინტერესების წარმოდგენას ეხებოდა საქმე საერთაშორისო ფორმატებში. მაშინაც კი, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამართლიანად ეკუთვნოდა, ქვეყანა წარმოედგინა საერთშორისო ფორმატში, გვახსოვს, რომ პრეზიდენტმა კატეგორიული ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები გაბრაზებულები არიან, რადგან პრეზიდენტი უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესებს, ეს სამართლიანია.

„დღეს თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, საზოგადოების დიდი ნაწილი არის გაბრაზებული იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ასე „წარმატებით“ უგულებელყოფს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ინტერესებს, მხარდაჭერას, რომელიც მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არის სამართლიანი ბრაზი და მან ეს უნდა მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში საერთოდ არ ისაუბრა გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოსაც ემუქრება – ტერორიზმი, ჰიბრიდული ომი და საფრთხეები, რომელიც ქვეყანას აქვს რთულ რეგიონში.

„მან არ ისაუბრა, თუ რა უჯდება საქართველოს იყოს ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო პარტნიორი ჩვენი მოკავშირეებისთვის, იყოს სტაბილური და უსაფრთხო მოკავშირე თითოეული მოქალაქისთვის. აუცილებელი იყო, მას ესაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, რომელიც ამ მიმართულებით ხორციელდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის ანგარიში პესიმიზმით იყო გაჯერებული.

„მისი გამოსვლა უფრო მეტად უიმედობის მომტანი იყო საზოგადოებისთვის, ვიდრე იყო რაიმე პოზიტივის, გამოსავლის, უკეთესი მომავლის შესახებ საუბარი. პოლიტიკოსების, ნამდვილი ლიდერების ამოცანა, როლი და ფუნქცია  არის ის, რომ საზოგადოებას გადასცეს მეტი მუხტი, მეტი იმედი და მეტი რწმენა მომავლისთვის, რაც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, დღეს პირიქით მოხდა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის პრობლემები და ბევრი მოლოდინი განხორციელების პროცესშია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, საქართველოს აქვს წარმატებები ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, საერთაშორისო ასპარეზზე, აქვს უფრო მაღალი სტანდარტი სოციალური დაცვის სფეროში და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა.

„ეს ყველაფერი შეუძლებელია იყოს იგნორირებული და შეუძლებელია, ამაზე სიტყვა არ თქვას ლიდერმა, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნაზე აჯამებს თავისი ხუთი წლის საქმიანობას“, – განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს კურსს, რომელიც თითოეული მოქალაქის, ოჯახის და ქვეყნის კეთილდღეობასა და სტაბილურ განვითარებაზეა ორიენტირებული.