არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მიმართ გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტში დასმულ შეკითხვებზე პასუხები საჭიროა
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მიმართ გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტში დასმულ შეკითხვებზე პასუხები საჭიროა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეწყალებების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებას გამორიცხავს, თუმცა, მიიჩნევს, რომ არსებულ კითხვებს, პასუხი უნდა გაეცეს.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასება აღნიშნულ საკითხზე  პოლიტიკური იყო, რაშიც მას მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი განცხადება გუშინ საჯაროდ კიდევ ერთხელ ძალიან ზუსტად განმარტა და ის პოლიტიკური შეფასებები გაიმეორა, რაც პარლამენტში გააკეთა. ამ შეფასებებში ირაკლი კობახიძეს მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს იმიტომ, რომ არგუმენტები, რომელიც მან ჩამოთვალა ხელის გულზეა და ეს კითხვები საზოგადოებასაც აქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან წარუმატებელი მცდელობა იყო, რომ ყურადღება პოლიტიკური შეფასებებიდან სხვა საკითხზე გადაეტანა. კერძოდ, მათ გამოძიების დაწყების და იმპიჩმენტის თემის წამოწევა სცადეს, რაც ვერ შედგა. მე გამოძიების დაწყებას გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ პარლამენტში დასმულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საჭიროა. კერძოდ, იმ პრაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც შეწყალების თვალსაზრისით გვაქვს, როგორც რიცხვებში, ასევე კრიტერიუმებში, დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკასთან ჩვენ ნამდვილად აცილება გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ  პატიმართა შეწყალებასთან მიმართებაში, რაღაც არასწორი ხდება, რაც მომავალში უნდა გამოსწორდეს, საზოგადოების უსაფრთხოების და მართლწესრიგის საჭიროებებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

„სახეზეა, რომ შეწყალებულმა არაერთმა პირმა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული განმეორებით ჩაიდინა და პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობდა“, – განაცხადა დეპუტატმა.