არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის განმეორებით დარღვევა ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, ევროპული მომავალი არის სახელმწიფო, რომელიც იმართება წესებით
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის განმეორებით დარღვევა ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, ევროპული მომავალი არის სახელმწიფო, რომელიც იმართება წესებით

პრეზიდენტის მიერ განმეორებით კონსტიტუციის დარღვევა ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ევროპული მომავალი არის კონსტიტუციის დაცვა და ისეთი სახელმწიფო, რომელიც წესებით იმართება და არა შეხედულებებით.

„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ისევ კონსტიტუციის დარღვევით თუ განხორციელდება, ეს იქნება წინა შემთხვევაზე უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს და სახელმწიფოს არჩეული ლიდერი – პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავის პირად მოსაზრებას, რისი გაკეთებაც მას მიაჩნია საჭიროდ. ეს დაუშვებელია. პრეზიდენტის მიერ განმეორებით კონსტიტუციის დარღვევა ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში.

ევროპელებისთვის გაუგებარი იქნებოდა და გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება, ევროინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია. ეს ხომ საქართველოს სასარგებლოდ არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებს. თავს არ მივცემ უფლებას, სხვა ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადება. რა რეაგირებაც იყო, ეს პარლამენტმა უკვე აჩვენა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იქნება გადადგმული, შემდეგ პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთებს რეაგირებას.

არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. კონსტიტუციის დარღვევა ითვალისწინებს შესაბამის რეაგირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაარღვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი იქნება თუ კრიტიკულად. ჩვენი ევროპული მომავალი არის კონსტიტუციის დაცვა, არის სახელმწიფო, რომელიც წესებით იმართება და არა შეხედულებებით. არის სახელმწიფო, სადაც ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსები არ ვსაუბრობთ სასამართლოს ნაცვლად, სასამართლო – პარლამენტის ნაცვლად, პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად. ასეთი სახელმწიფო არის ევროპული სახელმწიფო და ასეთი უნდა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი. ამიტომ, თითოეული გადახვევა, მით უმეტეს, ამ პრინციპების უხეში დარღვევა ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საფრანგეთში პრემიერისა და პრეზიდენტის ვიზიტი დეპოლარიზაციის მაგალითი იქნება, თალაკვაძემ აღნიშნა:

„არ მომისმენია ეს განცხადება, მაგრამ თუ მართლა თქვა, გამოდის, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით არის ზეპარტიული და პოლიტიკის მაკონსოლიდირებელი, შეთანხმებების მხარდამჭერი უნდა იყოს, თავის თავს ერთ-ერთ პოლუსად აიდენტიფიცირებს. ანუ, ამბობს, რომ პოლარიზაციაში არის ერთ-ერთი მხარე. ამ განცხადებით ასე გამოდის. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ საქართველოსთან, ჩვენს საზოგადოებასთან, ევროპულ მომავალთან რაიმე პოლარიზაციაში ვართ და ევროპაში როცა ჩავდივართ, არ მიგვაჩნია, რომ  რომელიმე პოლუსს წარმოვადგენთ. ევროპაში პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს და საქართველოს ინტერესებს, ჩვენი წინაპრების ოცნებას და ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას გუშინ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.

ზურაბიშვილის თქმით, „ნებსით თუ უნებლიეთ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“. „პირადად მე, რასაც ვაკეთებდი აქამდე, იმას გავაკეთებ და გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას. ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში კი განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.