არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტის გამოსვლაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში ძალიან მოკლე იყო. მისი შეფასებით, გამოსვლაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული.

„ძალიან მოკლე ანგარიში იყო. მეტი მოლოდინი გვქონდა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უფრო სიღრმისეულად ისაუბრებდა. არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო გამოტოვებული, მაგალითად, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შესახებ, ჩვენ ჯარისკაცებზე; ასევე, როგორ აფასებს საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობას აშშ-სთან და ევროკავშირთან, პერსპექტივებს; ასევე, არ უსაუბრია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იყო; რატომღაც, არ გაკეთდა სიღრმისეული შეფასებები ეკონომიკურ განვითარებაზე. მან პრაქტიკულად არაფერი თქვა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების სისუსტეს, არ დავეთანხმები. პარლამენტში ოპოზიცია არის ძალიან ძლიერი და სამოქალაქო საზოგადოება ძალიან ძლიერ ოპონირებას უწევს ხელისუფლებას.

სამწუხაროდ, მან არ თქვა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს სრულიად ახალი დემოკრატიული სტანდარტით, თუმცა კარგია, რომ პრეზიდენტმა თქვა 2012 წლის სახელისუფლებო ცვლილებების შესახებ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.