არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი თვლის, რომ ევროპის თემა მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს თუ ხელისუფლების შტოებს, სურს, ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე იყოს
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი თვლის, რომ ევროპის თემა მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს თუ ხელისუფლების შტოებს, სურს, ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე იყოს

ეს ოპოზიცია იყო, ქუჩაში რომ გამოვიდა და გვაკრიტიკებდა, რატომ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსიო, უმეტესად მთავრობას და პარლამენტსაც აკრიტიკებდნენ, ახლა კი, როცა სტატუსის მიღების რეალური შანსები გაჩნდა, შეცვალეს სიმღერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ახლა დაიწყეს, თუ ქვეყანა არ მიიღებს, მთავრობის ბრალია, თუ მიიღებს, მთავრობის დამსახურება არ არისო. ხვდებით, რამხელა ფალსიფიკაცია, ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტია, როდესაც ასეთ ტყუილს ეუბნები შენს საზოგადოებას? მათ ნახეს ამაზე რეაქციები. ნახეს, რომ საზოგადოება საერთოდ არანაირად არ აჰყვა ამ ფალსიფიცირებულ, დეზინფორმაციულ გზავნილს და ეს არავინ გაიზიარა, რადგან საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა, რაც ხდებოდა, ძალიან კარგად ახსოვდა, რაზეც გაგვაკრიტიკეს და საიდან უნდოდათ ახლა ჩვენი ჩახსნა. ამან არ იმუშავა და ამ პროცესში ჩაერთო პრეზიდენტიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტს სურს, ევროპაზე და ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე თავად იყოს.

„პრეზიდენტსაც აქვს მცდელობა. ის ევროპაში ცხოვრობდა და ალბათ თვლის, რომ ევროპის თემა მას უფრო ეკუთვნის, ვიდრე დანარჩენ მოქალაქეებს თუ ხელისუფლების დანარჩენ შტოებს. მას სურს, ევროპაზე და ევროინტეგრაციის წარმატებებზე მთავარი მესაკუთრე თვითონ იყოს. ეს არის მისი პოლიტიკური განაცხადი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ამაზე პრეტენზია გაუჩნდა, მაგრამ ხელისუფლებას მისთვის ხელი არ შეუშლია.

„შეიძლება, იყო დელიკატური მინიშნებები საჯარო სივრცეში, გარკვეული პოლიტიკური გზავნილები, მაგრამ ჩვენ მისთვის ხელი არ შეგვიშლია. მთავრობა მაინც აძლევდა თანხმობებს პრეზიდენტს, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რომ საქართველო როცა ყველაზე კრიტიკულ ეტაპზეა კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხში, პრეზიდენტი როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე საქართველოში აკეთებს საჯარო განცხადებებს, სადაც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს, ხელისუფლებას არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. ამბობს, რომ საქართველო ჯერჯერობით არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, თუმცა მე მაინც მიმაჩნია, მოდით, საქართველოს მივცეთ კანდიდატის სტატუსიო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, არ შეიძლება, საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო არენაზე გასაქანი მისცეს იმ ბანაკს და არგუმენტაციას, რომელიც თვლის, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი.

„როდესაც ევროპა გაყოფილია ორ ბანაკად და პოლიტიკოსების ნაწილი პირდაპირ გეუბნება, რომ არ იმსახურებ სტატუსს, ზოგი გეუბნება, შეიძლება იმსახურებ, მაგრამ პოლიტიკურად არ გაძლევო, როცა შენ საქართველოს წარმოადგენ, შენ აქ გჭირდება ძალიან მტკიცე და ცალსახა განცხადებები. არ შეიძლება, საქართველოს წარმომადგენელმა საერთაშორისო არენაზე გასაქანი მისცეს იმ ბანაკს და ნარატივს, იმ არგუმენტაციას, რომელიც თვლის, რომ საქართველოს არ უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტის გზავნილი სწორედ მაგ ბანაკმა გამოიყენა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განმარტებით, პრეზიდენტმა ევროპელებს უთხრა, რომ ბოლომდე არ სჯერა, საქართველო და მისი ხელისუფლება რომ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მიაჩნია, რომ სტატუსი უნდა მივიღოთ.

„როცა უკეთეს შემთხვევაში, თქვენ თვითონ არ გჯერათ ბოლომდე რაღაცის ან შეიძლება, საერთოდ არ გჯერათ, შეძლებთ, სხვა ადამიანები, მით უმეტეს, ისინი, ვინც თავიდანვე კრიტიკულად არიან განწყობილი, დაარწმუნოთ იმაში, რისიც თავად არ გჯერათ ბოლომდე? ასე გამოჩნდა პრეზიდენტის პოზიცია. მან ევროპელებს უთხრა, მე ბოლომდე არ მჯერა, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება იმსახურებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უნდა მივიღოთ. ეს რა გზავნილია, საქართველოს წაადგება თუ არ წაადგება? ამიტომ მთავრობამ ჩათვალა, რომ მას აღარ მისცეს თანხმობა. მთავრობამ მიიჩნია, ადამიანი, რომელსაც თვითონ არ სჯერა ბოლომდე, რომ კანდიდატის სტატუსი დღესვე და ამ პირობებში გვეკუთვნის, ვერ დაარწმუნებს სხვას. ჰქონდა არგუმენტი მთავრობას და თან კონსტიტუციის სრული დაცვით გააკეთა ეს ამბავი. კონსტიტუციაში აქვს მთავრობას ამის პირდაპირი დისკრეცია მინიჭებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა წლის ბოლოს უნდა მიიღონ, მანამდე კი საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი.