არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს
არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს

ვუპასუხებ თვითონ ბატონ პრეზიდენტს, რომელიც გიორგი აბაშიშვილის პირით გვესაუბრება – რა თქმა უნდა, ეს არის პარლამენტის კიდევ ერთი შეურაცხყოფა,- ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის უარს უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში.

„გუშინ პრეზიდენტმა თავი აარიდა საკუთარი ანგარიშის განხილვის პროცესს და დატოვა ის. დღეს მან თავი აარიდა საჯარო დებატებს, რომელიც პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესში იყო, რომ საზოგადოებას მიეღო ინფორმაცია მისი ანგარიშის შესახებ და გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაზეც გუშინ ითხოვდა ფორმატის შეცვლას. ეს არის ძალიან გაუგებარი, პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი ნაბიჯი იყო წინასწარ დაგეგმილი დემარში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა მზად არის დებატებისთვის დღესაც, თუმცა პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება.

„ჩვენ მზად ვიყავით დებატებისთვის გუშინ. ჩვენ შევთავაზეთ დღეს სატელევიზიო დებატები და მზად ვართ დებატებისთვის დღესაც. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავს არიდებს პასუხის გაცემას და გიორგი აბაშიშვილის პირით ესაუბრება ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს -150 დეპუტატს, რომელიც პარლამენტში სწორედ ხალხის პირდაპირი არჩევნებით არის წარმოდგენილი. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ სტანდარტს გვიჩვენებს და პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც გუშინ ითხოვდა. მან გუშინ მოითხოვა კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა. დღეს, როდესაც შევთავაზეთ ეს შესაძლებლობა, უარს აცხადებს პირდაპირ სატელევიზიო დებატზე, სადაც საზოგადოებას შეეძლო, თავად დაენახა, თუ რამდენად ჰქონდა მას პასუხები კითხვებზე, რამდენად შეუძლია უპასუხოს იმ კრიტიკულ განწყობებს, რომელიც გუშინ პარლამენტში იყო წარმოდგენილი არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც“,- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.