არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რათა საქართველო დროულად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში
არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, რათა საქართველო დროულად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში

პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა, საქართველო დროულად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში, – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები განიხილება.

„გაგაცნობთ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციის 44-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულია საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია 27 იანვრის 12 საათიდან, ჩვენ შეგვიძლია, უკვე სხდომა დავიწყოთ. დღის წესრიგს რაც შეეხება, განსახილველ საკითხთა შორის გახლავთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ეხება საქართველოს „კოვიდ-19“-ის ვაქცინით უზრუნველყოფის საკითხს. ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა იმისათვის, რათა დროულად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და „კოვაქს“ პლატფორმის მიერ გათვალისწინებული კალენდრის თანახმად საქართველო ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და ჩვენ ამ ფონზე შევძლოთ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული აქტივობის განახლება იმ ტემპებში, როგორც ეს იყო კოვიდამდე.

კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პროფესიონალებს, ყველა იმ სამსახურს, ვინც „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში დღემდე არის ჩართული“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.