არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ექნება მაღალი დონის შეხვედრები, დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყანას დამატებით შედეგებს მოუტანს
არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ექნება მაღალი დონის შეხვედრები, დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყანას დამატებით შედეგებს მოუტანს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ექნება მაღალი დონის შეხვედრები როგორც აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

მისივე თქმით, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს პროგრესი განხილული იყოს.

ამასთან, არჩილ თალაკვაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი იქნება პოზიტიური და ქვეყანას დამატებით შედეგებს მოუტანს.

„პრემიერ-მინისტრი დაესწრება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომის გახსნას და მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ დებატებში. მაღალი დონის თითოეული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, ასევე გაერო-ს გენერალური ასამბლეა გახლავთ ის ფორმატი, სადაც მსოფლიოდან ყველა პოლიტიკური ლიდერი მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრს მაღალი დონის შეხვედრები ექნება როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს პროგრესი განხილული იყოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საჭიროებები, როგორც უსაფრთხოების განმტკიცების, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან პოზიტიური ვიზიტი და ჩვენს ქვეყანას დამატებით შედეგებს მოუტანს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.