არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა
არჩილ თალაკვაძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის გადაწყვეტილებას გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში, უმრავლესობის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძის წარდგენის შესახებ.

„ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმები არის, რომ მას აქვს მართვის გამოცდილება, მას აქვს ეკონომიკური განათლება, ძალიან კარგად იცნობს საფინანსო ინსტიტუტების მუშაობას და რაც მთავარია, სწორედ მას ეკუთვნის ინიციატივები, რომელიც საზოგადოების და ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს ეხებათ და უადვილებს ყოველდღიურ ცხოვრებას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს ეფექტური რეფორმების განხორციელება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდში ეფექტური კოორდინაციის ხარჯზე, პარლამენტთან ურთიერთობის და ინტენსიური თანამშრომლობის ხარჯზე, საქართველოს მთავრობამ შეძლოს ეფექტური რეფორმების განხორციელება, შეძლოს იმ წარმატების უზრუნველყოფა, რომლის პირობაც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, თალაკვაძის თქმით, ვინაიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე გუნდი კონსულტაციებს მამუკა ბახტაძესთან ერთად განაგრძობს და ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გახდება.

„მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობითი მსჯელობა დღეს არ ყოფილა, ამაზე დამატებით გაცნობებთ კონსულტაციების პერიოდში. იგეგმება კონსულტაციები გუნდის მონაწილეობით“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.