არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური დივიდენდების მიღება სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებისა და მათი შესუსტების ხარჯზე, პოლიტიკური მანიპულაციაა
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური დივიდენდების მიღება სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებისა და მათი შესუსტების ხარჯზე, პოლიტიკური მანიპულაციაა

პოლიტიკური დივიდენდების მიღება საერთო ეროვნული, სტრატეგიული უსაფრთხოების თავდაცვის საკითხების, მათი შესუსტების ხარჯზე, გახლავთ პოლიტიკური მანიპულაცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მიტროპოლიტი დანიელის განცხადებასაც დაკავშირებით, რომ სინოდის გუშინდელ ხდომაზე საუბარი შეეხო პარტია „გირჩის“ ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლების“ საქმიანობას.

მისივე თქმით, იგეგმება რეფორმა და სახელმწიფო სამხედრო სამსახურის საინტერესო პროგრამებს შესთავაზებს ახალწვეულებს.

„რაც ჩვენი საქმეა და ჩვენს კომპეტენციაში შედის, ეს არის სამხედრო სამსახურის რეფორმა. გარწმუნებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ეს რეფორმა განხორციელდება მთავრობასთან ერთად და ძალიან საინტერესო სამხედრო სამსახურის პროგრამებს შევთავაზებთ ჩვენს ახალწვეულებს.

პოლიტიკური დივიდენდების მიღება საერთო ეროვნული, სტრატეგიული უსაფრთხოების თავდაცვის საკითხების, მათი შესუსტების ხარჯზე, ჩემი აზრით, გახლავთ პოლიტიკური მანიპულაცია და თქვენ ხედავთ, რომ ამ პარტიამ მაინც ვერ მიიღო ისეთი მხარდაჭერა და ვერ გააკეთა ისეთი კონსოლიდაცია საკუთარი გუნდის, რომ პარლამენტში შემოსულიყო და სერიოზული ოპონირება გაეწია მმართველი პარტიისთვის – „ქართული ოცნებისთვის“. ამიტომ, ეს რამდენად კარგი ინიციატივა იყო, შეიცავდა თუ არა საჯარო სიკეთეს თუ პირიქით, ამას ისტორია შეაფასებს სულ მოკლე მომავალში. ჩვენი საქმე არის რეფორმების გაგრძელება და ამ სფეროში ჩვენ ძალიან საინტერესო რეფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, პატრიარქსა და ეკლესიაზე თავდასხმებს ხშირ შემთხვევაში ორკესტრირებული ხასიათი აქვს და ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს.

„პირდაპირ გეტყვით, ძალიან უარყოფით შეფასებას ვაძლევ და ჩემთვის შემაშფოთებელია ის თავდასხმები, რაც ხდება პატრიარქზე, სასულიერო პირებზე, ხშირ შემთხვევაში ამას ორკესტრირებული ხასიათი აქვს და ემსახურება კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს. ალბათ ამის გამოთვლაც ძალიან ადვილია, თუ ვის ინტერესებში შედის საქართველოში ინსტიტუტებზე თავდასხმა და ძირის გამოთხრა, მათ შორის, როგორიც არის ეკლესია. ეს არის სეკულარული სახელმწიფო და რასაკვირველია, ეკლესია თავად გასცემს პასუხს ამ ყველაფერს, მათ შორის ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდებით და იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა. თუმცა, დასაგმობია, შემაშფოთებელი და სამწუხაროა, თავდასხმები პატრიარქზე და სასულიერო პირებზე. ეს არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებას, გაძლიერებას და ვფიქრობ, მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.