არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ იყოს პატიმრობაში
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკურ პარტიებს, ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება, ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ იყოს პატიმრობაში

პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება ის, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ – გათავისუფლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოლაპარაკების გამართვას მხარს უჭერს. ამასთან, როგორც თალაკვაძე ამბობს, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთი წინადადაბები არ მიუტანია, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისი ან ეთიკის თვალსაზრისით გამართული იქნებოდა.

„დავით გარეჯის საქმე არ არის საკითხი, რომელიც მოლაპარაკებების დღის წესრიგში განიხილება. ამაზე კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან შესაბამისი განცხადება გვქონდა და გვაქვს კიდეც. პოლიტიკურ პარტიებსა და ლიდერებს შორის შეთანხმების საგანი ვერ გახდება ის, თუ ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ უნდა გათავისუფლდეს. ცალსახად, ეს მართლმსაჯულების სისტემის საქმეა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან ვერავითარ განხილვაში ვერ შევალთ და არ შევალთ, რადგან პატივს ვცემთ, კანონის უზენაესობის პრინციპს.

რაც შეეხება მოლაპარაკებებს, როცა ოპოზიცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისკენ მოგვიწოდებს, ეს ღიმილის მომგვრელია, რადგან თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ და დანარჩენებს ემუქრებოდნენ კიდეც, რომ უნდა ჩაშლილიყო პოლიტიკური მოლაპარაკების პროცესი, შეთანხმება არ უნდა შემდგარიყო. ჩვენ ისიც კი მოვისმინეთ, რომ ერთ-ერთი რადიკალი ლიდერი ამბობდა – მოდით, შევუთანხმდეთ „ქართულ ოცნებას“ და შემდეგ ჩვენი პირობები არ შევასრულოთო. ეს აჩვენებს, რა დამოკიდებულებაა იმ საპასუხისმებლო პროცესთან მიმართებით, რომელსაც ჩვენი ელჩები ფასილიტაციას უწევენ. გახსოვთ, ეს ადამიანები იმასაც არ მოერიდნენ, თავს დასხმოდნენ ფასილიტატორ ელჩებს და ანტიდასავლური კამპანია დაიწყეს, რომელიც თითქმის, მთელი თვე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ პარტია სამი მთავარი მიზეზის გამო დატოვა. ერთ-ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებული ანტიდასავლური კამპანია. ვფიქრობ, ეს უმძიმესი დიაგნოზია, რაზეც პარტიამ თავის ამომრჩევლებს უნდა უპასუხოს. ჩვენ მოლაპარაკებებს მხარს ვუჭერთ და ვუჭერდით. წინადადებები, რომელიც მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს, სწორედ ჩვენ მიერ არის შეთავაზებული. ოპოზიციას თავის წინადადება ჯერ არ მოუტანია, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისია ან ეთიკის თვალსაზრისით გამართულია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი