არჩილ თალაკვაძე - პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია
არჩილ თალაკვაძე - პოლიციელის მკვლელის შეწყალება ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია

შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა საზოგადოებასთან ერთად შექმნა ისეთი დემოკრატია, სადაც ოპოზიციას, მმართველ პოლიტიკურ გუნდს, მოქალაქეებს შეუძლიათ განსხვავებული პოზიციები იქონიონ პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაეთანხმონ მას ან არ დაეთანხმონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებას გამოეხმაურა.

„წინააღმდეგი ვარ იმ ადამიანების შეწყალების, რომელთაც ხელი აღმართეს პოლიციელზე, ბრალი მიუძღვით პოლიციელის მკვლელობაში ან პოლიციელის მიმართ ძალადობაში. პოლიციელის პროფესია არის ურთულესი, რომლის სრულად ანაზღაურება ხელფასით შეუძლებელია, ამიტომ მას სჭირდება საზოგადოებისგან დაფასება. ორი წელი ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელი და ზუსტად ვიცი, რას გრძნობს პოლიციელის ოჯახი, როდესაც რჩება ოჯახის წევრის გარეშე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქმე ეხება 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევას, როდესაც 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს მასთან შელაპარაკება მოუვიდა, ჩხუბის დროს მას სამსახურებრივი იარაღი წაართვა და თავის არეში ჭრილობა მიაყენა. მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მსჯავრდებული საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, რომელმაც საპატიმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა.