არჩილ თალაკვაძე - პედაგოგები, ვინც წლების განმავლობაში თავდადებით იმუშავეს და განათლების სფეროს ემსახურნენ, ღირსეულად უნდა დაფასდნენ
არჩილ თალაკვაძე - პედაგოგები, ვინც წლების განმავლობაში თავდადებით იმუშავეს და განათლების სფეროს ემსახურნენ, ღირსეულად უნდა დაფასდნენ

პედაგოგები, ვინც წლების განმავლობაში თავდადებით იმუშავეს და განათლების სფეროს ემსახურნენ, ღირსეულად უნდა დაფასდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს პედაგოგებისთვის ღირსეულ ანაზღაურებას, მათი პირობების გაუმჯობესებას. ეს საბოლოო ჯამში განათლების ხარისხზე უნდა აისახოს.

ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს პედაგოგის ანაზღაურება და პედაგოგები, ვინც წლების განმავლობაში იმუშავეს თავდადებით და განათლების სფეროს ემსახურნენ, ღირსეულად და სამართლიანად უნდა იყვნენ დაფასებულები. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო გაწევრიანდა ევროპის განათლების ხარისხის ასოციაციაში. დღეს ვსაუბრობთ რესურსების განაწილებაზე, რომ ბიუჯეტში უპრეცედენტოდ დიდი დანახარჯები არის გათვალისწინებული განათლებისთვის. ეს აუცილებლად მოგვცემს შედეგს, აუცილებლად აისახება ეკონომიკაზე, დასაქმებასა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.

​განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. მისივე თქმით, სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

ამასთან, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტრო საპენსიო ასაკის პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. კერძოდ, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, სურვილის შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ორი წლის ჯამური ხელფასი და შეუნარჩუნდეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.

დატოვე კომენტარი