არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან შეხვედრებიდან ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძლიერი და ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად
არჩილ თალაკვაძე - პარტნიორებთან შეხვედრებიდან ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძლიერი და ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად

პარტნიორებთან შეხვედრებიდან ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძლიერი და ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მეორე დღესვე საქართველო გადავა უკვე გაწევრიანებისთვის საჭირო მომდევნო ეტაპზე და დაიწყება სამოქმედო გეგმის შესრულება.

„რეალურად, საქართველოს უკვე აქვს მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმ შეხვედრებიდან, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და ახალა პარტიის თავმჯდომარემ პარტნიორებისგან მოისმინეს, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს აქვს ძლიერი და ერთსულოვანი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს დისკუსია ვერ დაბლოკავს და ვერ შეაჩერებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. არამხოლოდ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მეორე დღესვე, როდესაც კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, გადავალთ უკვე გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე და დავიწყებთ იმ სამოქმედო გეგმის შესრულებას, რომელზეც ევროკავშირთან შეთანხმების პროცესი მალე დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება კითხვას იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, ვიქტორ ორბანი უკრაინის საკითხს თუ დაბლოკავს, გაფართოება დროებით შეჩერდება, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ განცხადებებს ევროპაში არავინ აკეთებს, არამედ ამას აკეთებს საქართველოში რადიკალური ოპოზიცია.

„ამ განცხადებებს ევროპაში არავინ აკეთებს, საქართველოში რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ეს ის ოპოზიციაა, რომელმაც საქართველო დააცალკევა უკრაინის და მოლდოვის გადაწყვეტილებას ერთი წლის წინ. საქართველოს, საკუთარ ქვეყანას აკრიტიკებდა. ახლა, როდესაც საქართველოს მწვანე შუქი აქვს და უკრაინასთან დაკავშირებით დებატებია, ისევ საპირისპირო პოზიცია შემოატრიალეს და თქვეს ზუსტად იმის საწინააღმდეგო, რასაც ერთი წლის წინ ამბობდნენ. ეს არის უპრინციპო, არათანმიმდევრული ადამიანების განცხადებები რადიკალური ოპოზიციიდან. მათ უხარიათ ნებისმიერი დაბრკოლება და არ აინტერესებთ გულწრფელად არც უკრაინა და საკუთარი ქვეყანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ვიქტორ ორბანი საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და საქართველოს იმ მეგობრებს შორისაა, ვინც ერთი წლის წინაც ამბობდა, რომ საქართველოს იმ პირობებში და იმ მოცემულობითაც უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი იქნება უკრაინასთან დაკავშირებითაც.

„უნგრეთის მთავრობა და ბატონი ვიქტორ ორბანი არიან საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერები და საქართველოს იმ მეგობრებს შორის, ვინც ერთი წლის წინაც ამბობდა, რომ საქართველოს იმ პირობებში და იმ მოცემულობითაც უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი კრიტიკულად აფასებდნენ მაშინ კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილების გადავადებას. დღესაც კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუ სად დგას უნგრეთი საქართველოსთან მიმართებით. ახლა უნგრეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი ვიზიტია და ამ ვიზიტზე დაყრდნობითაც ჩვენ გიდასტურებთ, რომ საქართველოს აქვს და ექნება უნგრეთის ძლიერი მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გარწმუნებთ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დამატებით ვერანაირი ფაქტორი ვერ შეაფერხებს. საქართველოს მეგობრები, მათ შორის უნგრეთი, ერთსულოვნად უჭერენ მხარს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ უკრაინას. უკრაინა იმსახურებს დიდ მხარდაჭერას ახლა, როდესაც ომშია. იმედი გვაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც კონსენსუსი იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.